თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გრემის პრემიის მფლობელი, მსოფლიოში ცნობილი ლატვიელი მევიოლინე გიდონ კრემერი (Gidon Kremer) თბილისში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკას ააჟღერებს.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის სცენაზე გიდონ კრემერი ლატვიელ ვიოლონჩელისთ გიედრე დირვანაუსკაიტესთან (Giedre Dirvanauskaite) ერთად გამოვა. კონცერტი 22 თებერვალს 19:30 საათზე დაიწყება.
მუსიკოსთან ერთად დაუკრავს ახალგაზრდა ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, იმღერებს გორის ბავშვთა გუნდი, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
როგორც კონცერტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ცნობილმა ვირტუოზმა მევიოლინემ გია ყანჩელის მუსიკის შესრულება კომპოზიტორის იუბილესთან დაკავშირებით თავად მოისურვა.
კრემერის რეპერტუარში ყანჩელის მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქართველ კომპოზიტორს, თავის მხრივ, სპეციალურად კრემერისთვის ნაწარმოები არაერთხელ შეუქმნია.
სცენაზე აჟღერდება ყანჩელის ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა „სევდის ანგელოზები“, "Twilight" (ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისთვის) და "Lonеsome", რომლის პრემიერაც 2005 წელს ზალცბურგსა და ნიუ-იორკში სწორედ გიდონ კრემერის შესრულებით შედგა.
თბილისში ასევე პირველად აჟღერდება ყანჩელის ერთ-ერთი ბოლო სიმფონიური თხზულება „Nu.Mu.Zu“. ეს ნაწარმოები დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის კომპოზიტორმა გასულ წელს შექმნა.
გიდონ კრემერი დაიბადა რიგაში. 1969 წელს მოსკოვის კონსერვატორია ვიოლინოს განხრით დაამთავრა.
კრემერი გენუაში პაგანინის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო და მონრეალში (1969) შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების, ასევე მევიოლინეთა ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის (1970) გამარჯვებულია.
კრემერი 1980 წელს საბჭოთა კავშირიდან წავიდა. 1981 წელს ავსტრიის ქალაქ ლოკენჰაუზში კამერული მუსიკის ფესტივალი დააარსა, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი 2011 წლამდე იყო.
2001 წელს კრემერი, თავის მიერ დაარსებულ ორკესტრ „კრემერატა ბალტიკასთან“ ერთად ალბომისთვის After Mozart გრემის პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში „კლასიკური მუსიკის ჟანრში მცირე ანსამბლის შემადგენლობაში საუკეთესო შესრულება“.
მევიოლინე თანამშრომლობს ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან ასტორ პიაცოლა, ალფრედ შნიტკე, გეროგს პელეცისი, ლეონიდ დესიატნიკოვი, არვო პიარტი, რობერტო კარნევალე, ჯონ კულიჯ ადამსი.