თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური არხის Rustavi2-ის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ — კენჭი იყაროს თბილისის მერის პოსტზე.
ორი კვირის წინ ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაალ უდუმაშვილს შესთავაზეს გახდეს ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში, თუმცა მაშინ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა და თავის საბოლოო პოზიციას უახლოეს დღეებში გამოაცხადებდა.
„ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს", — განაცხადა უდუმაშვილმა ორშაბათს, 21-საათიანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" დასასრულს.
უდუმაშვილის განცხადებით, მას ბრძოლის კარგი გამოცდილება აქვს და აპირებს დაამარცხოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი.
„ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე "რუსთავი 2"-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი", — თქვა უდუმაშვილმა.
თბილისის მერის არჩევნები, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქების მერებისა და საკრებულოების არჩევნები, 2017 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. თბილისის მერის პოსტზე ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ პარტია "მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპული საქართველოს" კანდიდატი — ელენე ხოშტარია. სხვა პარტიებს თავისი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.
უკვე ცნობილია, რომ უახლოეს ხანებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოც" წარადგენს თავის კანდიდატს თბილისის მერის პოსტზე და, სავარაუდოდ, იგი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება.