თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დანიის მთავრობა საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის“ (AMMAR) ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად 28 მლნ დანიურ კრონს (4,2 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს.
ახალი პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართვას, რაც დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლად მცხოვრებ 40 წლამდე ქალებსა და 35 წლამდე მამაკაცებს. პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც და მმართველი გუნდიც ამ ასაკობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარების დახმარებას ბიზნეს-გეგმის შედგენის ეტაპზეც. წარდგენილი ბიზნეს-გეგმების განხილვის საფუძველზე თითოეულ აპლიკანტზე გამოიყოფა დაფინანსება არაუმეტეს 25 000 აშშ დოლარისა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს 40% გრანტისა და 60% ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას.
პროგრამას, რომელიც 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.