თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი მუშაობს ევროკოდების ადაპტაციაზე, რომელთა მეშვეობით სამშენებლო სფეროში არსებული ნორმები უნდა მოწესრიგდეს.
ევროკოდები (Eurocodes) — ევროპული სტანდარტების (hEN) კრებულია სამშენებლო ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების დასაანგარიშებლად და კონსტრუქციების გარე ზემოქმედებისგან დასაცავად. თითოეულ ცალკე აღებულ სტანდარტს მხოლობითი რიცხვის სახელწოდება გააჩნია: Eurocode 0, Eurocode 1, Eurocode 2 და ა.შ.
„ლოურენს ლივეროლის ეროვნული ლაბორატორიის" კანადელი ექსპერტები ქართველ სპეციალისტებს ეხმარებიან კოდების გამოყენებისა და მათ საფუძველზე ეროვნული სეისმური რუკების შექმნის მსოფლიოში არსებული გამოცდილების შესწავლაში, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული 5 წლის მანძილზე ვთარგმნოთ ევროკოდები. სულ არის 10 ევროკოდი, რომლებიც საქართველოში უმტკივნეულოდ უნდა დაინერგოს და მოერგოს ჩვენი ქვეყნის რეალობას. უნდა გაკეთდეს ეროვნული დანართები, რომლებიც შემდგომ აუცილებელი სახელმძღვანელო იქნება ყველა პროექტანტისთვის", — განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გვენცაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური კოდია "სეისმოკოდი 8" (სეისმომდგრადი სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირება).
„უნდა შეიქმნას ტექნიკური კომიტეტი, რომელშიც უცხოელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი", — განაცხადა გვენცაძემ.
პროექტს დახმარებას მსოფლიო ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თეა გოდოლაძე გაუწევენ, რომლის მოწვევითაც იმყოფებიან საქართველოში კანადელი სპეციალისტები, აღნიშნა მან.