თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურis საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთან სამინისტროს განცხადებაში.
შესაბამის შეთანხმებას სამხრეთ კორეაში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ჯინ ლიკუნმა მოაწერეს ხელი.
„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია. მთლიანობაში ეს 350 —მილიონიანი პროექტია, რომლის ნაწილსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, ნაწილს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ნაწილი კი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
კვირის დასაწყისში, ქუმსიშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, იეშინ ელჰან-კაიალართან ერთად, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 108, 2 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება 2017 წელს იგეგმება და იგი 2022 წელს უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი გზა, 19 ხიდი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ნაწილია, რომელიც ქვეყნის სივრცით განვითარებას ითვალისწინებს.
ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.