თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში 16 ივნისს მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2017 იწყება, რომელიც სამი დღე გასტანს და სცენაზე 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ მუსიკოსს მოუყრის თავს.
ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე უმღერიათ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.
წელს ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ იპოდრომთან, Lisi Wonderland-ში ტარდება.
ჰედლაინერებს შორის არიან რუსული ჯგუფი "ლენინგრადი", ლონდონის ბენდი Archive და ლივერპულის პროგრესივ-როკ-ჯგუფი Anathema.
ფესტივალის პირველი დღე სწორედ Anathema-ს გამოსვლით გაიხსნება. 16 ივნისს მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevda Alizadeh, რომელიც უფრო ცნობილია სახელით Sevdaliza, ნინო ქათამაძე & Insight, ჯგუფები Backwarmer, Psychonaut 4, Ripperton და სხვები.
ფესტივალში მონაწილეობენ ქართული მუსიკალური კოლექტივებიც: Young Georgian Lolitaz, Salio, LOUDspeakers, Kung Fu Junkie, Soft Eject, Friendly Mosquito და სხვები. ფესტივალის სრული ლაინ-აპის ნახვა შესაძლებელია აქ.