თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. "კანონიერ ქურდ" მამუკა გალსკის რუსეთში განაჩენი "კრიმინალურ იერარქიაში მაღალი მდგომარეობის პირის მიერ დანაშაულებრივი სათვისტომის ორგანიზების" მუხლით გამოუტანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ "პოლიცია როსიიზე" დაყრდნობით.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი, ვინც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი მუხლით გასამართლდებოდა, ეს შაქრო კალაშოვი იქნებოდა, მაგრამ მისი საქმე სასამართლოში ჯერ არ შესულა.
"აღნიშნული განაჩენი ქმნის ანალოგიური საქმეების სასამართლოებში შემდგომი განხილვების პრეცედენტს", — განაცხადა რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი გუსენკომ.
მამუკა გალსკის აპრილის ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მის გარდა თავისუფლების სხვადასხვა ვადით აღკვეთა შეეფარდა დანაშაულებრივი სათვისტომოს კიდევ 20 აქტიურ წევრს.