თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ბერძნულმა კომპანია Ellinair-მა ირაკლიონი-თბილისი-ირაკლიონის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო — პირველი პირდაპირი რეისი პარასკევს განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის თვითმფრინავი გამთენიისას დაეშვა (თბილისის დროით დაახლოებით 5:15 საათზე) და კრეტაზე დილის 8:15 საათზე გაფრინდა, იუწყებიან TAV Georgia-ში.
ირაკლიონი-თბილისი-ირაკლიონის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას Ellinair-ი კვირაში ერთხელ — პარასკეობით გეგმავს. ფრენები განხორციელდება Boeing 737-ის ტიპის ხომალდით.
ბერძნული კომპანია Ellinair-ი ქართულ ავიაბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. დღევანდელ დღემდე ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებდა სალონიკი-თბილისი-სალონიკის მარშრუტით.
ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა, მათ შორის საბერძნეთიდან. 2017 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს 6 300-მდე ბერძენი ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 17%-ით მეტია.