თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სირიასთან მოსაზღვრე პროვინცია კილისში თურქულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ხუთი წევრი დააკავეს, რომელთაც "თვითმკვლელის ქამრები" ეკეთათ, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" თურქულ გამოცემა Milliyet-ზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერორისტები სოფელ იმანლის მახლობლად ჟანდარმერიის ძალების ოპერაციისას დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ესენი არიან 29 წლის სარჰან ალიევი, 37 წლის გიულნურ შირმამედოვა და 42 წლის ნაზენინ ზეინალოვა. მათთან ერთად დაკავებულია ბოსნია–ჰერცეგოვინას ორი მოქალაქე.
თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ დაკავებული პირები თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.