თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრები მუჰმად ბაღაკაშვილი ერაყში დაიღუპა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა, აცნობა „Sputnik-საქართველოს" ახმეტის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მათე ქავთარაშვილმა.
შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. ბაღაკაშვილი ავიადარტყმების დროს დაიღუპა. მანამდე ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის სირიაში დაიღუპა. ბაღაკაშვილი 25 წლის იყო. ის ახლო აღმოსავლეთში ექვსი წელი იმყოფებოდა და ტერორისტების მხარეს იბრძოდა.
„დიახ, ნამდვილად სამწუხარო სიახლეა, მისი ოჯახის წევრები ამ ინფორმაციას ადასტურებენ… ველაპარაკე მამამისს და მან თქვა, რომ ეს ერაყში მოხდა", — განაცხადა ქავთარაშვილმა.
ბაღაკაშვილი სირიელ ქალზე იყო დაქორწინებული და მასთან ორი შვილი დარჩა.
ქავთარაშვილის თქმით, სირიასა და ერაყში საქართველოდან წასული დაახლოებით 25 ადამიანი დაიღუპა. მათგან ყველაზე ცნობილია თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-უმარ აშ-შიშანი. ის 2016 წელს დაიღუპა, ის „ისლამური სახელმწიფოს" ძალების მეთაური იყო სირიის ჩრდილოეთით.