თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ყოველდღიური სარკინიგზო რეისი ერევანი—ბათუმი—ერევანი ამოქმედდა, აცნობა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს რკინიგზის თანამშრომელმა.
ზაფხულში ბათუმი სომეხ ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„პირველი მატარებელი ერევნიდან დღეს, 15:30 საათზე გამოვიდა. თბილისში მას შუაღამით ველოდებით, ხოლო დილის 7 საათზე ბათუმში ჩავა. იგეგმება, რომ ეს რეისები 15 სექტემბრამდე შესრულდება, როგორც წინა სეზონების დროს", — განუცხადა სააგენტოს რკინიგზის თანამშრომელმა.
ბოლო წლებში საქართველოში დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია.
2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.