თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბათუმის ბულვარსა და ზღვის სანაპიროზე გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ენაზე განათავსებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინტერნეტ-გვერდზე.
ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები სისუფთავეზე კონტროლის გაძლიერების მიზნით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ყოველდღიურად იმუშავებენ, ამასთან არა 22:00 საათამდე, როგორც ადრე, არამედ შუაღამემდე, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.
ცხრა კაცისგან შემდგარი მონიტორინგის სამსახური ასევე გააკონტროლებს იღარით გაცემულ ტერიტორიებს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიულ პირებს დააჯარიმებს.
გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენით დანაგვიანება 80 ლარით ჯარიმდება, 2 კგ-ზე მეტი ნარჩენით დანაგვიანებისთვის კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.
თუ ნარჩენების მოცულობა ერთ კუბომეტრს გადააჭარბებს, ფიზიკური პირი 300 ლარით, იურიდიული პირი კი 1 ათასი ლარით დაჯარიმდება.
სამშენებლო მასალებითა და სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკურ პირს 200 ლარის გადახდა, იურიდიულ პირს კი 1 ათასი ლარის გადახდა დაეკისრება.
გარდა ამისა, გარემოს ფეკალური მასით დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების პატრონები. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება.
„ზაფხული იწყება აქ “ — ამ სლოგანით 9 ივნისს ბათუმში ზაფხულის სეზონი გაიხსნა.