თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ბათუმის ბულვარი ახალ ტურისტულ სეზონს ახალი ფერებით ხვდება — აქ 189 000 ლარის ღირებულების 0,5 მილიონამდე ყვავილი დაირგო, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს" ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.
ბეგონიები, პეტუნიები, სალვიები, ცინიები, პორტულაკები, ვინკები, ტაგეტესები — ეს ის ყვავილებია, რომლებიც სეზონურად ყვავიან და ბულვარს ამშვენებენ.
ბათუმის ბულვარის მწვანე საფარის კოლექციას ასევე 2500 ხე და ბუჩქი შეემატა. ბულვარში შეხვდებით ნეკერჩხალს, მაგნოლიას, იაპონურ და ჩინურ კამელიას, იაპონურ ალუბალს, მიმოზას, გლიცინიას და მარადმწვანე ბუჩქებს.
მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ზოოლოგიურ კუთხეს კვლავ განაახლებს. ვოლიერების რეკონსტრუქციის გარდა, აქ გაჩნდება 5 სახეობის 16 ახალი ფრინველი, რაც ბულვარის ადმინისტრაციას 25 000 ლარი დაუჯდება.
ამჟამად ბათუმის ბულვარის ზოოლოგიურ კუთხეში 139 ბინადარია — ოთხი კუ და 135 ფრინველი.
ბათუმის ბულვარის ისტორია 1881 წლიდან იწყება. ზღვის სანაპიროზე სასეირნო ხეივნის შექმნის იდეა ბათუმის გენერალ-გუბერნატორს ალექსეი სმეკალოვს (1838-1890 წლები) ეკუთვნის. ბულვარს პრუსიელი მებაღეები რესლერსი და რეიერსი აშენებდნენ. ამჟამად ბათუმის ბულვარის სიგრძე შვიდ კილომეტრს შეადგენს.