მცხეთაში თანამედროვე კულტურის სახლი გაიხსნა

გამოწერა
კულტურის ახალ ცენტრში 450 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მანამდე არსებული კულტურის სახლი 2012 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა. ახალი ცენტრის მშენებლობა ორი წლის შემდეგ დაიწყო. ახალ ცენტრში ფუნქციონირებს 450 ადამიანზე გათვლილი დარბაზი. გარდა ამისა, შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები. 

მრავალპროფილური კლინიკა მცხეთაში - Sputnik საქართველო
მცხეთაში პირველი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

„ჩვენ დავათვალიერეთ შენობა და ვფიქრობ, რომ ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ძალიან გამახარა დარბაზში ბევრი ახალგაზრდის დანახვამ, რადგან ყოველივე ეს, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობისთვისაა. მშენებლობა, როგორც ცნობილია, 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც მთლიანობაში 4,5 მლნ ლარი დაიხარჯა“, — განაცხადა გიორგაძემ.

მცხეთაში მყოფმა საქართველოს პრემიერმა ასევე დაათვალიერა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი მოიცავს ორ საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს. მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, მცხეთაში ოთხშაბათს მრავალფუნქციური სამედიცინო კლინიკა გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0