თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირში დედა საკუთარ ქალიშვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მეზობლებმა მომხდარის შესახებ სამშაბათს შეიტყვეს და პოლიციას მაშინვე აცნობეს. ქალიშვილი, რომელიც 31 წლის იყო, და დედა ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც მომხდარის გარემოებებისა და მიზეზების დადგენაში დაეხმარება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით "ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში", რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.