თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა ბაიაშვილი პოლიციელ ირაკლი სარალიძეზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნო და მას 18 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.
ინციდენტი გასული წლის სექტემბერში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა. პოლიციის თანამშრომელი ირაკლი სარალიძე სამსახურში იმყოფებოდა. დაახლოებით 22:30 საათზე მას ნიკა ბაიაშვილი დანით ხელში დაესხა თავს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვა ნაწილებში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი პოლიციელს არ იცნობდა. ის იმიტომ დაესხა მას თავს, რომ სარალიძეს სამართალდამცველის ფორმა ეცვა.
ამჟამად პოლიციის თანამშრომელი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
სასამართლომ ნიკა ბაიაშვილი საქართველოს სსკ–ის 19,353-1 მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელზე ან ხელისუფლების წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის მცდელობა) სცნო დამნაშავედ.