თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 1 ივლისს პირველად გაიმართება ერთდღიანი ფესტივალი Tbilisi Street Food Festival.
ღონისძიების მიზანია ტურისტული ნაკადის გაზრდის ხელშეწყობა, გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ნაციონალური სამზარეულოს მრავალფეროვნებისადმი ინტერესის გაზრდა.
"საქართველოს სტუმრებსა და მცხოვრებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთ სივრცეში დააგემოვნონ ქართული და უცხოური რესტორნების მიერ მომზადებული კერძები და ტკბილეულობა", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ არა მარტო გასინჯვა, არამედ წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა. შესაძლებელი იქნება ასევე ვეგეტარიანული სამზარეულოს დაგემოვნებაც.
ფესტივალის მონაწილეთა სრულ სიას ორგანიზატორები 20 ივნისს გამოაქვეყნებენ.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც მთაწმინდის პარკში 14:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, დაგეგმილია ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ცოცხალი მუსიკის კონცერტი, რომელშიც სხვადასხვა კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. 21:00 საათიდან დაიწყება დიჯეების Pino-ს, Uru-ს, Ocd-სა და Svansikh-ი გამოსვლა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია Ricci Event. ღონისძიება გაიმართება თბილისის მერიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომლის მიზანია მსოფლიოში საქართველოს იმიჯის ამაღლება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.