თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ნომინირებულია ჟურნალ GQ-ს რუსული ვერსიის პრემიაზე „წლის რეჟისორი".
ყოველთვიური ჟურნალი GQ (Gentlemen"s Quarterly) — გამოცემა მოდაზე და სტილზე, ბიზნესზე, სპორტზე, წარმატების ისტორიებზე, ჯანმრთელობაზე, მოგზაურობებზე, ავტომობილებზე, ტექნიკურ სიახლეებსა და სხვა.
ყოველწლიურად ჟურნალი GQ სხვადასხვა ნომინაციაში პრემიას გადასცემს. საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჟურნალის მკითხველები გამოჩენილ პიროვნებებს ირჩევენ.
კენჭისყრა, რომელიც GQ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონ-ლაინ მიმდინარეობს, 2017 წლის 31 ივლისს დასრულდება.
რეზო გიგინეიშვილის კონკურენტებს შორის არიან — ფიოდორ ბონდარჩუკი, ანდრეი ზვიაგინცევი, პაველ ბარდინი და ანდრეი კონჩალოვსკი.
საუკეთესო მსახიობის წოდებაზე იბრძოლებენ ევგენი მირონოვი, ალექსანდრ პეტროვი, ივან იანკოვსკი, მიხაილ ეფრემოვი და პიოტრ ფიოდოროვი.
ჟურნალი გამოავლენს გამარჯვებულებს ისეთ ნომინაციებში, როგორებიცაა "წლის აღმოჩენა", "წლის მუსიკოსი", "წლის ქალი", "სახე ეკრანიდან", "წლის პროდიუსერი", "წლის ავტორი", "წლის რესტორატორი" და "წლის სპორტსმენი".
კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რეზო გიგინეიშვილი დაიბადა 1982 წლის 19 მარტს თბილისში, მუსიკოსის ირინა ციკორიძისა და ექიმ დავით გიგინეიშვილის ოჯახში. 1991 წელს ოჯახი გადავიდა მოსკოვში, 1997 წელს დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში.
2005 წელს დაამთავრა "ვგიკი" (მარლენ ხუციევის კურსი). იყო მეორე რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკის ფილმში "მეცხრე ასეული".
გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი სარეჟისორო ნამუშევრებია — "სიცხე", სიყვარული აქცენტით", "მამაკაცების გარეშე", "უკანასკნელი მაგიკიანებიდან", "საზღვრების გარეშე" და ბოლო ფილმი "მძევლები". ბრიტანულმა გამოცემა ScreenDaily-მ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს "მძევლები" ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა და მას არტჰაუს–კინოს ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.