თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ევროპის პირველ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფიზიკაში, რომელიც ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
ოლიმპიადაში 20 ქვეყნის 95 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს გუნდი დაკომპლექტებული იყო ფიზიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (XI-XII კლასები) მონაწილე ხუთი საუკეთესო მოსწავლით.
ევროპის პირველ ოლიმპიადაზე ფიზიკაში მედლები კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა კონსტანტინე გაგნიძემ (ვერცხლი) და გიორგი გრიგოლიამ მოიპოვეს (ბრინჯაო), გუნდის დანარჩენი წევრები კი შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ფიზიკაში ევროპის პირველი ოლიმპიადა იან ქალდას — ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ინიციატივით ჩატარდა.
მის გარდა ოლიმპიადის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან რუსეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და ლატვიის წარმომადგენლები.