თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოზე 10 ივნისს დამტყდარი უამინდობის გამო საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 400 შეტყობინება შევიდა, აღნიშნულია უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ შსს–ს განცხადებაში.
ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა შაბათს თბილისში, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი–ახალდაბის გზაზე. სეტყვამ გაანადგურა ნათესები საგარეჯოსა და დმანისის რაიონების სოფლებში.
უხვი ნალექი მოვიდა ხაშურში, სურამში, ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის რაიონებში, იუწყება შსს.
ოთხასი შემოსული განცხადებიდან დაახლოებით ასი თბილისიდან დაფიქსირდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ყველა გამოძახებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, განახორციელეს სამაშველო სამუშაოები, მოახდინეს წყლის ამოტუმბვა და მონაწილეობა მიიღეს ნაშალი მიწისგან გზების გაწმენდაში.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეაჩერეს. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდა სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.
ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.