თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. წყნეთი-ახალდაბის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის უამინდობის გამო დედაქალაქში 50-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული, რომელიც ძირითადად სარდაფების, პირველი სართულების დატბორვას ეხება.
„რთული სიტუაცია გვქონდა წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით. გარკვეულ მონაკვეთზე მოხდა მეწყრის ჩამოწოლა. მოზიდულია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია სამუშაოები", – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი მალე გაიხსნება, ასევე განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში ახალი გზა გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 15-20 წუთი უსაფრთხოების გამო დაკეტილი იყო.
წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს ღამით. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა. მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სეტყვამ დააზარალა საგარეჯოს რაიონის სოფლები. სეტყვა იყო თბილისშიც. სინოპტიკოსები ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამეორებას არ გამორიცხავენ.