თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
ამავდროულად სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტილია. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი დავით ნარმანია.
"დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს", – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი2"–ის ეთერში.
სპეციალისტებმა შეამოწმეს წყლის დონე სვანიძის ქუჩაზეც და აცხადებენ, რომ წყლის დონე მდინარე ვერეში მომატებულია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
წვიმის გამო წყნეთი–ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დროულად გაწმინდა.
2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობისას სტიქიის ეპიცენტრი სწორედ გმირთა მოედანი–თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა და სვანიძის ქუჩა იყო. ღამით მეწყერმა წყნეთი–ბეთანიის გზაზე გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა. მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სეტყვამ დააზარალა საგარეჯოს რაიონის სოფლები.