თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. არტისტებს შორის ფეხბურთის მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გალა-კონცერტი "Vivat სოტკილავა", რომელიც ელენა ობრაზცოვას საქველმოქმედო ფონდის მიერ არის ორგანიზებული, ნათქვამია კონსერვატორიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
არტისტებს შორის ფეხბურთის მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატი — საფეხბურთო-მუსიკალური ფესტივალი "არტ-ფეხბურთი" მოსკოვში 3-12 ივნისს გაიმართება. ეს უნიკალური მოვლენა საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის "სიკეთის ნიშნის ქვეშ" შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანია მძიმედ დაავადებული ბავშვების დახმარება, რომელთაც ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ.
ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა, რომლის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა რუსეთის დიდი თეატრის ისტორიაში, ახალგაზრდობაში ფეხბურთით იყო გატაცებული. სოტკილავა საქართველოს 20-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო, გამოდიოდა თბილისის "დინამოში", მაგრამ 1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში მიღებული მძიმე ტრავმების გამო სპორტული კარიერის დასრულება მოუწია.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ოპერაცია გადავიტანე, თავს კარგად ვგრძნობ, აუცილებლად ვეცდები ფეხბურთის შეჯიბრებას დავესწრო და დიდი თეატრის გუნდს, რუსეთისა და საქართველოს გუნდებს ვუქომაგებ. ჩემ პატივსაცემად მოწყობილი კონცერტის ორგანიზატორების მადლობელი ვარ. გამოსვლა ჯერჯერობით არ შემიძლია, მაგრამ კონცერტს აუცილებლად დავესწრები", — განუცხადა სოტკილავამ РИА Новости-ს.
კონცერტზე წარდგებიან რუსეთის სახალხო არტისტი, პიანისტი დანიილ კრამერი, დიდი თეატრის სოლისტები აგუნდა კულაევა და ალექსეი ტატარინცევი, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები ვასილი ლადიუკი, სტანისლავ მოსტოვოი და გოდერძი ჯანელიძე, "გელიკონ-ოპერისა" და სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუსიკალური თეატრის სოლისტები.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებების მიერ დელეგირებული მომღერლები კიარა ჰარვი (დიდი ბრიტანეთი), ნატაშა რასიჩი (სერბეთი), მელინდა ჰეიტერი (უნგრეთი) და პიანისტი იოჰან რანდვერე (ესტონეთი).
პროგრამაშია გლინკას, მოცარტის, დონიცეტის, ვერდის, ბიზეს, ლისტის, პუჩინის, ჩილეას, კალმანის, ლეგარის, ხაჩატურიანის, ცფასმანის, მორიკონესა და სხვა კომპოზიტორების მუსიკა.