საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სენტ-კიტსისა და ნევისის გუნდი დაამარცხა

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიშინიოვში გუნდებს გამარჯვების ერთნაირი შანსები აქვთ, მიიჩნევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სენტ-კიტსისა და ნევისის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:0. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, პირველ ტაიმში მასპინძლებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და შესვენებამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შეხვედრის გმირი 19 წლის გიორგი არაბიძე გახდა, რომელიც დონეცკის "შახტიორის" დუბლიორთა შემადგენლობაში თამაშობს. ნახევარმცველი მინდორზე შესვენების შემდეგ გავიდა და თავი დუბლით გამოიჩინა — 51-ე წუთზე მან შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ხოლო 20 წუთის შემდეგ — თერთმეტმეტრიანი.

მე-80 წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი ლადო დვალიშვილმა (ყაზახეთის "არიტაუს" თავდამსხმელი) დააფიქსირა.

მიუხედავად გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ფეხბურთელების თამაშით მაინც უკმაყოფილო დარჩა.

"ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არ იყო და ასეთ ვითარებაში კარგი თამაშის ჩვენება რთულია. ამასთან, ძირითადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი ტრავმირებულია. ამიტომ იმის თქმა, რომ მაქსიმუმი ვაჩვენეთ, არ შეიძლება. პრობლემები აქვთ კონკრეტულ ფეხბურთელებსაც, რომლებმაც თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად უნდა იმუშაონ", — განაცხადა ვაისმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, სპეციალისტის განცხადებით, არაბიძის თამაში გამონაკლისი იყო, სწორედ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეიტანა გარდატეხა ნაკრების თამაშში.

ვაისმა კომენტარი გააკეთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზეც მოლდოვის წინააღმდეგ.

"არასდროს მითქვამს, რომ მოლდოვიდან სამი ქულა უნდა ჩამოვიტანოთ. არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა", ამიტომ ასეთ განცხადებას ვერ გავაკეთებთ. ასევე არ შემიძლია ვთქვა, რომ ამ თამაშში ფავორიტები ვართ. ვფიქრობ, ორივე გუნდს წარმატების ერთნაირი შანსი აქვს", — აღნიშნა ვაისმა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 11 ივნისს კიშინიოვში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0