მარშალი ჟუკოვი და გამჭირვალე Coca-Cola...

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშიCoca-Cola
Coca-Cola - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე მთავარ მასპინძლად დაგხვდებათ ჩემი შვილიშვილი — ანდრია. მართლა ძალიან ლამაზი (ჩემი რომ არის, იმიტომ კი არა) და ბედნიერი — რადგან დღეს Coca-Cola-ს დაბადების დღეა. მის საყვარელ სასმელს 129 წელი შეუსრულდა და ისე ძალიან უყვარს, რომ მისი ხათრით საბავშვო ბაღშიც არ წავიდა. ჰოდა, დგას და გულით გირიგებთ პატარა ბოთლებს, გახსნისას ჯადოსნური „ფშიკები“ რომ იციან.

მე Coca-Cola პირველად გავიცანი მოსკოვში 1983 წელს, დედიკომ „მთლად უბედურ სიყვარულს“ რომ დამაცილა და მოსკოვში გამგზავნა, სასტუმრო „კოსმოსში“.

რა იცოდა, რომ ზუსტად სამ დღეში მე და ის „უბედური სიყვარული“ ერთად ვისხედით სასტუმრო „კოსმოსის“ „ლუნა-ბარში“. კოკა-კოლასაც მივირთმევდით და მკაცრი შვეიცარისგან 3 მანეთად ნაყიდ „მალბოროსაც“ ვეწეოდით.

სხვათა შორის, „კოკა-კოლას“ შემქმნელი ძალიან სერიოზული კაცი გახლავთ — აშშ არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჯონ სმიტ პემბერტონი. დასახელება „კოკა-კოლა“ კი მოიგონა მისმა ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა, რომელმაც ეს სიტყვა დაწერა ფიგურული ასოებით, ზუსტად ისე, როგორც დღემდე მის ლოგოტიპს შემორჩა.

„კოკა-კოლას“ შემადგენლობაში შედის „კოკას“ ფოთლების სამი განსაკუთრებული ნაწილი. სწორედ ამ ფოთლებიდან ჯორჯიას უნივერსიტეტის ასპირანტმა ალბერტ ნიმანმა თავის დროზე გამოყო კომპონენტი „კოკაინი“. მის დესერტაციას ძალიან გრძელი ლათინური სახელი ჰქონდა და უმთავრესად კოკას ფოთლებში ორგანულ წარმონაქმნებს ეხებოდა. სწორედ ამ დისერტაციის მეშვეობით გახდა ნიმანი ფილოსოფიის დოქტორი, ჩვენ კიდევ ვეჭვობთ — რატომ უყვართ ჩვენ ბავშვებს ასე ძალიან „კოკა-კოლა“? მართლაც რამე ნარკოტიკული ხიბლი ხომ არ სდევს მას? მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი შემქმნელი ჯონ სმიტ პემბერტონი მორფის დიდი მოყვარული გახლდათ…

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ „კოკა-კოლას“ შექმნის პირველ დღეებში მას დღეში საშუალოდ მხოლოდ 9 ადამიანი თუ ყიდულობდა. 1902 წელს კი ის აშშ-ში ყველაზე ცნობილი სასმელი გახდა.

ახლა კი ისეთ რაღაცებს მოგიყვებით, მარტო მე რომ ვიცი ხოლმე, ექსკლუზიურად…

თურმე, „კოკა-კოლა“ ძალიან მოსწონებია მარშალ ჟუკოვს და მან ამერიკელებს სთხოვა, უფერო, ანუ გამჭირვალე „კოკა-კოლა“ გამოეშვათ – საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ ადგილებში მისი დალევისას ამერიკული იმპერიალიზმის სიმბოლოსადმი სიყვარულში რომ არავის დაედანაშაულებინათ.

ჟუკოვს ეს უთხოვია გენერალ კლარკისთვის, მან კი ეს თხოვნა აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს გადასცა. პრეზიდენტი ტრუმენი დაუკავშირდა კომპანია „კოკა–კოლას“ გამგეობის თავმჯდომარეს ჯეიმს ფარლის. ფარლიმ შესაბამისი დაკვეთით მიმართა იუგოსლავიური ემიგრანტების შვილს, კომპანიის ტექნიკურ ხელმძღვანელს მილადინ ზარუბიცეს. ზარუბიცემ კი იპოვა ქიმიკოსი, რომელმაც „კოკა-კოლა“ მართლაც გააუფერულა.

ჰოდა, ეს უფერო და, სავარაუდოდ, უპეწო „კოკა-კოლა“ ჩამოუსხამთ შუშის ბოთლებში, რომელსაც თეთრი საცობი ეხურა, ზედ წითელი ვარსკვლავით. ეს უცნაური სასმელი სულ 50 ყუთი იყო გამოშვებული.

სხვათა შორის, „კოკა-კოლას“ დასამზადებლად კომპანია ყოველწლიურად 200 მილიარდ ლიტრ წყალს ხარჯავს.

სიტყვა „კოკა-კოლა“ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ადგილზეა სიტყვა OK-ს შემდეგ…

და, იცით, სად უყვართ „კოკა-კოლა“ ყველაზე მეტად?— ისლანდიაში და მექსიკაში…

ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ ჩემი ანდრია ცოტა მექსიკელია.

ამასთანავე, გაგიკვირდებათ, მაგრამ „კოკა-კოლას“ ჩვეულებრივი ვარიანტი წყალში იძირება, დიეტური „კოკა-კოლასი“ — არა.

ბოლოსთვის კი, იცით, რა შესანიშნავი ინფორმაცია შემოვინახე? როცა მარტინ ლუთერ კინგმა ნობელის პრემია მიიღო, ატლანტა მას დაემუქრა, რომ მისი ოპოზიციონერობის გამო მის პრემიას არ აღნიშნავდა. და მაშინ კომპანია „კოკა-კოლას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია გაწყვეტს ატლანტასთან ყველა ხელშეკრულებას, თუ ატლანტა პატივს არ სცემს ნობელის პრემიის ლაურეატს.

ჰოდა, ამის შემდეგ, მითხარით, როგორ ავუკრძალო ანდრიას ეს კოკა-კოლები?!

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და „კოკა-კოლასავით“ გემრიელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0