ულამაზესი და უძველესი კოთელია

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესაც მღერის ოდელიას მურჯის ძირში კოთელია, კოთელია სოფელია, ზღვაში წვეთის ოდენია, აბა როგორ დავფარავდი გულის ნადებს თავფარავნის ჯავახეთი ერთი არის, გაეყოფა არც არავის.

საქართველოში მარგალიტებივითაა მიმოფანტული მშვენიერი ადგილები. თითოეული ჩვენგანი ამაყობს ჩვენი ქვეყნის სილამაზით, მაგრამ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს ულამაზეს და უჩვეულო სოფელზე, რომელსაც კოთელია ჰქვია. სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია, რომელიც საქართველოს კუთხეებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილია. აქ თუ ერთხელ აღმოჩნდი, არასოდეს დაგავიწყდება, თავს შეგაყვარებს და აუცილებლად ხელმეორედ დაგიძახებს… ვერაფრით დაივიწყებ აქაურ მთებს, ცას, რომელიც თითქოს სულ სხვანაირი ცისფერია, ჰაერს, რომელიც სისუფთავით გავსებს…

© photo: Kukuri Metreveli / FBსოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

დღევანდელი ჩვენი სტუმარი სწორედ ამ ულამაზესი სოფლიდანაა – ბატონი კუკური მეტრეველი, მკვლევარი და პუბლიცისტი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებულია კოთელიას და, ზოგადად, ამ კუთხის შესწავლის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით კიბერნეტიკოსია, ამ მხარეზე ბევრი საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა აქვს მოპოვებული. 

– მოგესალმებით, ბატონო კუკური, თქვენი სოფელი ამ მხარეში ერთ-ერთი უძველესია, მოგვიყევით მის შესახებ…

– დიახ, კოთელია ჯავახეთში ყველაზე დიდი, მთლიანად ქართველებით დასახლებული სოფელია, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია სამხრეთ საქართველოში. სოფელი გაშენებული იყო მაშინ ტბის, ახლა უკვე ნატბეურის დასავლეთ სანაპიროს ფერდობზე. სოფელ კოთელიას თავზე წამომდგარი აქვს მცირე გორა, რომელსაც გოდორას ეძახიან. შეიძლება ითქვას, გოდორა კოთელიის წმინდა მთაა. სახელი ამ გორის ისტორიული დანიშნულებიდან მომდინარეობს. გოდორის ზემოდან ისე ხელისგულივით მოჩანს მთელი ახალქალაქის პლატო, რომ საბჭოთა პერიოდში, როცა ამიერკავკასიაში განლაგებული წითელი არმიის ყველაზე დიდი, ახალქალაქის სამხედრო ქვედანაყოფის სამხედრო მანევრები ტარდებოდა, მთავარი სამეთაურო–სათვალთვალო პუნქტი სწორედ გოდორების თავზე ეწყობოდა.

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

გოდორის ეს უპირატესობა ჩვენმა წინაპრებმა გაცილებით ადრე შეამჩნიეს და იმთავითვე დაიწყეს მისი თავდაცვითი დანიშნულების სისტემაში მოქცევა. როგორც კი შარვაშეთის მთის მხრიდან მტრის გამოჩენის თაობაზე ვარდისციხეზე და საყარაულოზე „სიგნალი“ მოვიდოდა, მაშინვე გოდორაზეც ცეცხლს წაუკიდებდნენ და აღმოსავლეთით, შედარებით დაბლა მდებარე სოფლების დასანახად მისი წვერიდან ცეცხლმოკიდებულ გოდრებს დააგორებდნენ. სწორედ აქედან მოდის ამ გორის სახელწოდება „გოდორა“. გოდორაზე მდებარე სოფლის სასაფლაოზე სამარეების გათხრისას მიწას კერამიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები მოყვება, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ კოთელიელების დასახლებამდე გაცილებით ადრე ნამოსახლარი არსებობდა. 

© კუკური მეტრეველისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

– რამდენ კომლს შეადგენდა სოფლის მოსახლეობა?

– ძველი კოთელია ჯავახეთში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და  ადგილობრივი თუ გადმოხვეწილი ქრისტიანების მთავარი საყრდენი გახდა. და ეს მაშინ, როცა ახალქალაქში თითქმის აღარავინ ცხოვრობდა. ციხეში თურქების გარნიზონი იდგა. რუსეთ-თურქეთის პირველი ომის დროს რუსი მთავარსარდლის ტორმასოვის უშუალო ბრძანებით 1810 წელს ახალციხის საფაშოდან საქართველოს სხვა დაცლილი რეგიონების შევსების მიზნით შეგროვებული და გადასახლებული იქნა 1506 ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახი, რამაც შემდგომში გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სამხე-ჯავახეთს. რეგიონში კატასტროფულად შემცირდა ქრისტიან ქართველთა რიცხვი, დაიცალა ბევრი ძირძველი სოფელი. მოტყუებით და დაძალებით კოთელიიდან 112 კომლი აყარეს და ქვემო ქართლში გადახვეწეს. გადასახლებული კოთელიელები დროებით ბორჩალოში გააჩერეს და 1812 წელს ნაწილი ლორეში ჩაასახლეს, ნაწილი კი თბილისში მიმოიფანტა. ამის შემდეგ კოთელიის მოსახლეობა ისე შემცირდა, რომ 1832 წლისთვის 28 კომლიღა ცხოვრობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა კოთელია მაინც გადარჩა და ისევ მოძლიერდა. 

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

– დღეს როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ სოფელში? 

– ერთ დროს ბავშვმრავალ კოთელიის სკოლაში ახლა 80-მდე ბავშვიღა დადის. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელ კოთელიაში 441 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ, როცა 2002 წლის აღწერისას 490 სული ცხოვრობდა. დროზე სჭირდება ჯავახეთის ქართველებით დასახლებულ სოფლებს ყურადღების მიქცევა, ახალგაზრდების დასაქმება და ხალხის ადგილზე დამაგრება, თორემ მომავალში ამ კუთხეში  გამოუსწორებელი დემოგრაფიული პრობლემები შეგვექმნება. სოფელს, როგორც იქნა, ეღირსა კარგი სასმელი წყლის სისტემის ამოქმედება, ხალხმა გაიხარა, მაგრამ სისტემა ბოლომდე დაუმთავრებელია და ყოველ წუთს შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. ვერ ვისწავლეთ თანხების ყაირათიანად ხარჯვა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

– როგორ სახლებში ცხოვრობდნენ სოფლის მკვიდრნი და შენარჩუნებულია თუ არა დღემდე ძველი სახლები? 

– გასული საუკუნის 60-იან წლებამდე კოთელიელები ძირითადად ერდოიან მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ. მაშინ ზამთარში ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა და ისე ამოქოლავდა ხოლმე კარ-მიდამოს, რომ გოდორებიდან თხილამურებით დასრიალებულები ბანებზე ისე გადავიქროლებდით, ვითომ მთის ფერდობები ყოფილიყოს. ისე იყო მიწურები ერთმანეთზე მიდგმული და ბანები გადაბმული, რომ მთელი უბანი ერთი სახლი გეგონებოდა. ამას თავისი პრაქტიკული და თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება სოფელს თავზე მტერი წამოდგომოდა და ვერ შეემჩნია, შემჩნევის შემთხვევაში კიდევ მთელი სოფელი ციხე-სიმაგრეს ემსგავსებოდა. ოდები ერთმანეთს საიდუმლო გადასასვლელებით უკავშირდებოდა და დარნებით მოსახლეობის გახიზვნის საშუალება ყოველთვის არსებობდა.

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

გარდა ამისა, უტყეოდ დარჩენილ ჯავახეთში ასეთი მიწურები ზამთარში ჭივითაც კი ძალიან ადვილად თბებოდა, ხოლო ზაფხულში სასიამოვნო სიგრილეს ინარჩუნებდა. გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ ბევრი მიწური სახლი დაინგრა და ოთახებიანი სახლები გაშენდა, მაგრამ მერცხლის ბუდურა ბანიანი დარბაზები მცირედ მაინც შემორჩა. სოფელში ზოგიერთ ოჯახში ჯერ კიდევ შემოინახეს ჯავახური ქვის ფურნეები, რომელშიც უგემრიელესი პური, ხაჭაპური, ქადები თუ ნაზუქები ცხვებოდა. საერთოდ, ჯავახეთი საქართველოს პურის ბეღლად ითვლებოდა. აქ მუდამ საუკეთესო ხორბალი მოჰყავდათ და სწორედ ამიტომ ტრადიციული ჯავახური კულინარია ძირითადად ცომეულსა და ხორბლეულს უკავშირდება. კოთელიაში  თუთმაჯთან და თათარბერაგთან ერთად საუკეთესო ყველის და ხორცის ხინკლის კეთებაც იციან, განსაკუთრებით კარგი გამოსდით ბატის ხორცისგან.

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
სოფელი კოთელია

– გასაოცარია ის ფაქტიც, რომ სოფელში ახლაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ, მაშინ, როდესაც მათ მღვდელი არასოდეს ჰყოლიათ…

 – დიახ, კოთელია მუდამ მართლმადიდებელი ქრისტიანების სოფელი იყო და ასევე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში მღვდელი ყოველთვის არ ჰყავდათ, მართლმადიდებლური დღესასწაულები კომუნისტური წყობილების დროსაც კი ფარულად თუ ღიად მაინც აღინიშნებოდა. ყველაზე დიდი და ხალხმრავალი დღესასწაული ჯავახეთში მაინც ამაღლების დღესასწაული იყო, რომელიც ბარალეთის ტერიტორიაზე მდებარე ამაღლების ქვაჯვართან იმართებოდა. ამ ზეიმს სომხებიც ბლომად ესწრებოდნენ. ხალისიანი დღეობა ბოლოს აუცილებლად „მშვიდობიანი“ ჩხუბით მთავრდებოდა. ამაღლებას წინ უსწრებდა აღდგომა, რომელსაც ხალხი ძირითადად ოჯახებში აღნიშნავდა. ბავშვებს მისი მოახლოება განსაკუთრებით გვახარებდა. აღდგომიდან ერთ კვირაში კვირაცხოვლობის ზეიმი მოდის, რომელიც ჩვენ სოფელში გოდორაზე მდებარე კვირაცხოვლის სალოცავზე იმართებოდა. გიორგობის დღესასწაულს მთელი ზემო ჯავახეთი ხანდოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღნიშნავდა, ხოლო მარიამობა ტრადიციულად ყოველთვის ვარძიაში იმართებოდა და დღესაც იმართება. სოფელ კოთელიის ტერიტორიაზე რამდენიმე სალოცავი და წმინდა ადგილია: კოთელიის კვირიკეთის XVI საუკუნის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XV-XVI საუკუნეები), კოთელიის ქვაჯვარი (VII საუკუნე) და კვირაცხოველი.

© photo: courtesy of Kukuri Metreveliეკლესია სოფელ კოთელიაში
ეკლესია სოფელ კოთელიაში - Sputnik საქართველო
ეკლესია სოფელ კოთელიაში

ამხელა ისტორიის მქონე, ქართველებით დასახლებული და არც თუ ისე პატარა სოფელი ისევ მოქმედი ტაძრის გარეშეა. ეს ალბათ ადგილობრივი ეპარქიის შესაძლებლობებს აღემატება, თუმცა, იქნებ საპატრიარქომ მიაქციოს ყურადღება და როგორღაც მოხერხდეს ამ უძველეს კერაზე სულიერი ცხოვრების გაცოცხლება.


ყველა ახალი ამბავი
0