თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და აშშ–ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი მიულოცა.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ აშშ–თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. მაისში ვაშინგტონში საქართველოს პრემიერისა და აშშ–ის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მტკიცე პარტნიორობას და ველით ჩვენი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების შემდგომ განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ნაწილში მომსახურე ქართველი სამხედროების მსხვერპლის გამო. ჩვენ ერთად ავღნიშნავთ საქართველოს წარმატებებს და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას შეეწირა“, – აღნიშნულია ტილერსონის გზავნილში.
საქართველო კვლავაც განაგრძობს სხვებისთვის სტიმულის მიცემას თავისი ლიდერობითა და დემოკრატიული პრინციპების ძალის მიმართ ჩვენი საერთო რწმენისადმი ერთგულებით, აღნიშნულია წერილში.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება, რათა ჩვენი ქვეყნების მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ამერიკული დიპლომატიის მეთაურმა.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.