ტრამპი: საქართველოს დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი
გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაფასა საქართველოში დემოკრატიული პროცესები, მისი მონაწილეობა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში და ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა.

აშშ მრავალი წელია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ აშშ–თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. მაისში ვაშინგტონში საქართველოს პრემიერისა და აშშ–ის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება", აღნიშნულია ტრამპის წერილი, რომელიც კვირიკაშვილის Facebook–გვერდზე გამოქვეყნდა.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

წერილში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დემოკრატიის ლიდერი, რომელსაც გლობალურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეაქვს.

"ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში", – ნათქვამია წერილში.

აშშ–ის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი პოლიტიკის მხარდაჭერა.

"ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა", – აღნიშნულია ტრამპის წერილში.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.

ყველა ახალი ამბავი
0