ნატა პატარაია
კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო.
პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.
„ასეთი სისტემები ევროპაში გასული საუკუნიდან კეთდება, მაგრამ ჩვენ პატენტი ავიღეთ არა თვითონ ამ იდეაზე, არამედ იმ მოწყობილობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც უკვე გამოიყენება. ჩავდეთ ამაში ქართული ინტელექტი და მივიღეთ პატენტი. ასე რომ, გვაქვს ჩვენ მიერ გაუმჯობესებული მოწყობილობის წარმოების უფლება“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პროქტის ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა.
პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს.
მალხაზ ცისკარიშვილის განმარტებით, დამზადებული მოწყობილობა – ეს არის ლითონის დასაშლელი კონსტრუქცია, რომელიც ელევატორული სისტემის საშუალებით, ლიფტის პრინციპით ადის მაღლა და უკან ბრუნდება.
„ავტომობილი თავის განკუთვნილ პლატფორმაზე დგება, მძღოლი გადმოდის მანქანიდან, დააჭერს მართვის პულტზე ღილაკს ხელს და მანქანა ვერტიკალურად მაღლა ადის. ხოლო როდესაც მძღოლს მისი მიღება მოუნდება, ასევე დააჭერს ხელს ღილაკს და ავტომობილი ჩამოდის“, — აღნიშნა მალხაზ ცისკარიშვილმა.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, გაუმჯობესებული მოწყობილობა უცხოურთან შედარებით არის უფრო ნაკლები ლითონტევადობის, უფრო ჰაეროვანი კონსტრუქციის, უფრო მარტივად დასამზადებელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და უფრო საიმედოც.
„წარმოიდგინეთ ატრაქციონი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ ელიფსურად გაწელილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვერტიკალური სივრცე დაიკავოს. ვერტიკალური პარკირების სისტემების დანერგვით მანქანის გასაჩერებელი ფართობის გამოყენების კოეფიციენტს ვზრდით არანაკლებ 6-ჯერ, რაც აუცილებლად მოგვცემს შედეგს საცობების შემცირების თვალსაზრისით“, — მიაჩნია მალხაზ ცისკარიშვილს.
„ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში დაასახელა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია, რომელშიც „სტარტაპ საქართველოს“ ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს.
„სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. „სტარტაპ საქართველოს“, რომელიც მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება, 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს-იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.