დიდი ბრიტანეთის ელეგანტურობის პრემიერ-მინისტრი

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩემსავით ბოჰემურსა და შემოქმედებითად მოუწესრიგებელ ადამიანებს მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აივანზე ამომავალი კიბის მთლად პირველ საფეხურსაც ვერ გასცდებით, თუ თეთრი ჟილეტი, ჩალისფერ-კრემინი პანტალონები და შავი გაპრიალებური „ბოტფორდები“ არ გეცმევათ.

რადგან დღეს საშინლად გვამოწმებს ლონდონის მთავარი დენდი, იტონის და ოქსფორდის კურსდამთავრებული ჯორჯ ბრაიან ბრამელი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1778 წლის 7 ივნისს ნისლიანზე უფრო ნისლიან ლონდონში.

ბრამელი სწორედ ის კაცი იყო, ქალებს ასე ძალიან რომ გვიყვარს — იმ „შავი“ კოსტიუმების შემქმნელი, „არაჯინსებიანი“ კაცები რომ გვიხსნიან ხოლმე სიყვარულს მატარებლებთან, რაკეტებთან და, სხვათა შორის, თვითმფრინავებთან… და მერე რა, თუ ბრამელის მიერ შექმნილი კოსტიუმი ზოგჯერ  ნაცრისფერია, გავუძლებთ.

სხვათა შორის, ბრამელი ცხენის ფაფარისგან დამზადებული სპეციალური სავარცხლით ივარცხნიდა თმებს, დღეში რამდენჯერმე იცვლიდა ტანისამოსს და აბაზანაში ისე ხშირად შედიოდა, რომ ამას ყურადღებას აღარავინ აქცევდა.

მასავით დენდი ლორდი ბაირონი აცხადებდა, რომ ამხელა საფრანგეთში მხოლოდ სამი ღირსეული კაცი ცხოვრობდა — ნაპოლეონი, ბრამელი და ბაირონი.

ახლა კი საკუთარ თავს უფლებას მივცემ და ძალიან საიდუმლო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.

ბრამელი მაშინ იღვიძებდა, საჭიროდ როცა თვლიდა. აბაზანაში შედიოდა და საგულდაგულოდ იპარსავდა, რადგან, მისი აზრით, ბაკენბარდები და წვერები — ქათქათა პერანგის ხიბლს დაჩრდილავდა.

საუზმეზე დენდი უკვეთავდა შოკოლადის პუდინგს, თანაც 2-3 ჭიქა ღვინოს აყოლებდა. მე-4 ჭიქას ერიდებოდა, რადგან, მისი აზრით, ზედმეტი ალკოჰოლი სახის ფერს აუჟმურებდა.

სადარბაზოს მაღალი კარის გამოღებამდე, ანუ ლონდონის ქუჩაში გასვლის წინ ბრამელი ახალ ხელთათმანებში ჰყოფდა ხელს, შემდეგ კი კისერზე თხელ შარფს იხვევდა, თანაც ისე „პეპლურად“, მარტო მან რომ იცოდა (სხვანაირი კვანძით), გახამებულად.

„დახვეწილად ჩაცმული რომ იყო, სულაც არ არის სჭირო თვალშისაცემი ტანისამოსი ატარო, უბრალოდ, პატარა ნიუანსებით უნდა იქცევდე საზოგადოების ყურადღებას“, — ამბობდა ჯორჯ ბრამელი.

სავარაუდოდ, ერთი ცალი წითელი ვარდიც საკმარისია.

დღეს ბრამელს უამრავი კონკურენტი ჰყავს. სავარაუდოდ, პირველი იენ სომერჰალდერია, რომელსაც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარებენ.

რა ვიცი, ვუყურებ და ალბათ მომწონს, მაგრამ მეცოდება კიდევაც – ერთხელ მაინც ჩემი ალე ბებიას უგემრიელესი ხაჭაპური რომ არ მიურთმევია, დაახლოებით 1-2 კილოს რომ გიმატებს.

ჯორჯ ბრამელი ქალებში თავის პოპულარობას ასე ხსნიდა: „მოსამსახურეს ისე ვექცევი, როგორც ლედის, ლედის კი ისე, როგორც მოსამსახურეს“.

სამწუხაროდ, ამ ძალიან ნიჭიერმა და დახვეწილმა კაცმა ცხოვრება საფრანგეთის ქალაქ კალეს საგიჟეთში დაასრულა.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში გამოეწყობოდა ხოლმე მის მიერვე შექმნილ ლამაზ ტანისამოსში და ჟაბოიან უელსის პრინცს „ესაუბრებოდა“.

მას ბოლომდე შემორჩა დენდური ჩვევები. ერთხელ, როდესაც ცნობილმა ლორდმა სამის ნახევარზე სადილზე მიიწვია, ბრამელმა ლაქია უარით გაისტუმრა და განუცხადა, რომ ამ დროს საჭმელს არ მიირთმევდა.

ის საერთოდ იშვიათად თუ ეთანხმებოდა ვინმეს აზრს.

როდესაც ლონდონის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, მთავარი კოსტიუმი კი არ არის, მთავარია — როგორ ატარებ ამ კოსტიუმსო, ბრამელი დაფიქრდა და ასე თქვა, ორივე მთავარიაო.

ახლა შემოგთავაზებთ ჯორჯ ბრამელის „მაღალ მოდას“, რომელიც მხოლოდ სამ კომპონენტს მოიცავდა:

უნაკლო სისუფთავეს (დეკორატიული კოსმეტიკისა და სუნამოების გარეშე);

ტანზე მომდგარ ტილოსგან შეკერილ ფრაკს (დილით — დილისფერს და ღამით — საღამოსფერს);

და განსაკუთრებულ აქსეუარებს — ოქროს ბეჭედს ან ოქროს უთხელეს ძეწვს.

სხვა ყველაფერი ზედმეტი იყო.

ბრამელი ამბობდა, კარგად ჩაცმული მამაკაცის დანახვისას არავინ არ უნდა ამბობდეს — „რა შესანიშნავი კოსტუმი აცვია“, ჯობს ის თქვან — „რა შესანიშნავი ჯენტლმენია“.

მთლად ბოლომდე თუ გამიცანით, უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი ფილიპ ლოუტორფის 2006 წელს გადაღებულ ფილმს „ეს მშვენიერი ბრამელი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს „აშშ-ის მთავარი მანიაკი“ — ჯეიმს ბრაიან მარკ პიურფოი…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ბრამელის ჩალისფერი პანტალონებივით მხიარულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0