დერეფანი „სამხრეთი–დასავლეთი": უფრო იაფი და უსაფრთხო გზა

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში განიხილეს სარკინიგზო დერეფნის "სამხრეთი–დასავლეთის" პერსპექტივები, რომელიც ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების შესაძლებლობას შექმნის.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა თბილისში განიხილეს სარკინიგზო პროექტის „სამხრეთი-დასავლეთის" განხორციელების საკითხი, რომელიც სპარსეთის ყურიდან და ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვას ეხება, ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სარკინიგზო დერეფნის შექმნის იდეა საქართველოს ეკუთვნის. იდეა 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უფრო იაფი და სწრაფი გახდება. ამჟამად ინდოეთიდან და სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით 30-40 დღის განმავლობაში ხორციელდება.

„ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი მეშვეობით ორი დიდი ეკონომიკის უმოკლესი და უსწრაფესი გზით ერთმანეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ამასთან, თუ ტვირთი ჩვენ დერეფანში იმოძრავებს, გაიზრდება უსაფრთხოების ხარისხი და მომსახურების ფასიც იქნება მისაღები… აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი გაზრდის ტვირთბრუნვას როგორც ირანის, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებზე", — აღნიშნა კომპანია GR logistics & terminals-ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ბაქოში სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელები „სამხრეთი-დასავლეთის" დერეფანს განიხილავენ

GR logistics & terminals-ი „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანსა და ირანს.

„ძალიან საინტერესო წინადადებები წარმოადგინა საქართველოს რკინიგზამ, რაც, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლას გაააქტიურებს. ყველასთვის ცნობილია, რომ სარკინიგზო მიმოსვლას ალტერნატივა არ აქვს — უფრო უსაფრთხოა, იაფია და სწრაფია. ამ პროცესების განვითარებას კი მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებაც", — განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზის პრეზიდენტმა საიდ მოჰამად-ზადემ.

ახალი პროექტის ფარგლებში ახალ დერეფანში ტვირთბრუნვებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემის შექმნა იგეგმება.

„აღსანიშნავია, რომ ევროპას, პაკისტანს, ინდოეთსა და ირანს შორის დიდი ტვირთბრუნვაა. ამ დერეფანს კი დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვსურს შევქმნათ ერთიანი სატარიფო სისტემა, რათა ამ ტვირთების კონტროლი შევძლოთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნა. ეს მუშაობის ხარისხის, ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისა და ტვირთის კომფორტული გადაადგილების იმპულსებს იძლევა", — აღნიშნა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0