„ბარსელონის" ფეხბურთელმა თვითმფრინავში ჟურნალისტი სცემა

© AFP 2024 / LLUIS GENEფეხბურთელი არდა ტურანი
ფეხბურთელი არდა ტურანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავში ჟურნალისტთან ჩხუბის შემდეგ არდა თურანი თურქეთის საფეხბურთო ნაკრებიდან გარიცხეს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ესპანური საფეხბურთო კლუბი "ბარსელონის" და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა არდა თურანმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტთან იჩხუბა, იუწყება rsport.ru.

თურქეთის ნაკრებმა სკოპიეში მაკედონიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა (0:0) და ტრიესტში მიფრინავდა. ფრენისას ინციდენტი მოხდა.

თურანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა გაზეთ Milliyet-ის 70 წლის ჟურნალისტ ბილიალ მეშესთან, რომლის სტატიაში ნათქვამია, რომ თურანმა და ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საბოტაჟი მოაწყვეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს ნაკრებისთვის განკუთვნილი ბონუსების გამო.

გურამ კაშია - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელმა თმა ყვითლად შეიღება

სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფეხბურთელმა ჟურნალისტს რამდენჯერმე დაარტყა და ყელში სწვდა. ინციდენტში თურანის თანაგუნდელები ჩაერივნენ და გუნდის კაპიტანი გაარიდეს.

მომხდარის შემდეგ ფათიჰ თერიმმა თურანი გუნდიდან გარიცხა, ფეხბურთელმა კი საპასუხოდ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„შეცდომა დავუშვი, რომ ეს იმ დროს გავაკეთე, როდესაც ეროვნული ნაკრების ფორმა მეცვა. ასეთი რამ ეროვნული ნაკრების თვითმფრინავის ბორტზე არ უნდა ხდებოდეს", — განაცხადა ნახევარმცველმა.

თუმცა თურანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნას არ გრძნობს.

„სწორად მოვიქეცი თუ არა? არ ვიცი. შესაძლოა, ეს შეცდომა იყო, მაგრამ მე ჩემი სინდისის მიხედვით მოვიქეცი", — დაწერა თურანმა საკუთარ Instagram-ზე.

თურქეთის ნაკრებში თურანი 2006 წლიდან გამოდის. გუნდის შემადგენლობაში ნახევარმცველი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელმა სულ 97 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0