თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადმა მცველმა და ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ თმა ყვითლად შეიღება. ახალი იმიჯის ამსახველი ვიდეო ფეხბურთელმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
კაშიამ მანამდე პირობა დადო, რომ თუ "ვიტესი" ჰოლანდიის თასს მოიგებდა, თმას ყვითლად შეიღებავდა.
ქვეყნის თასის გათამაშებაში, 30 აპრილს "ვიტესმა" "ალკმარს" 2:0 მოუგო და კლუბის არსებობის 125 წლის განმავლობაში თასი პირველად მიიღო.
ქართველი მცველისთვის ეს გარეგნობასთან დაკავშირებული პირველი ექსპერიმენტი არ არის. მარტის დასაწყისში კაშიამ პირობა დადო, რომ თუ "ვიტესი" ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდოდა, წვერს მოიპარსავდა. დანაპირები შესრულდა.
კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან თამაშობს, ხოლო 2011/2012 წლების სეზონიდან გუნდის კაპიტანია. ამ დროის განმავლობაში მცველმა გუნდის შემადგენლობაში 249 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 16 შედეგიანი გადაცემა.