თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო აქციამ „ღამე მუზეუმში" საქართველოში საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
აქციაში მონაწილეობდა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა მუზეუმი, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტისა და კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის, ასევე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების კერძო მუზეუმი. საქართველოს მუზეუმები მნახველებისთვის 27 მაისს საღამოს 28 მაისის ღამის 1 საათამდე გაიხსნა.
„მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც აქციის ფარგლებში თბილისისა და რეგიონების თითქმის ყველა მუზეუმში მოეწყო, დამთვალიერებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დაესწრო; მხოლოდ სამინისტროს სისტემაში შემავალ მუზეუმებს 53 883 ადამიანი დაესწრო. გასულ წელს მათი რაოდენობა 27 200-ს შეადგენდა", – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ ცნობაში.
რეგიონებში აქცია „ღამე მუზეუმში" არანაკლები წარმატებით გაიმართა, ვიდრე დედაქალაქში.
მუნიციპალური დაქვემდებარების მუზეუმებს (რეგიონებში) 12 723 ვიზიტორი, თბილისის მერიის მუზეუმებს (3 მუზეუმი) კი 500-მდე დამთვალიერებელი ეწვია.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა 1700 სტუმარი მიიღო.
„ღამე მუზეუმში" საერთაშორისო აქციაა. ის პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში ჩატარდა სახელწოდებით „მუზეუმების გაზაფხული". 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს „მუზეუმების გაზაფხულმა" მიიღო სახელწოდება „ღამე მუზეუმში".
საქართველო აქციას, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს შეუერთდა.