ქართველი ფიზიკოსის ატომური კვლევები მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიაში

© FB/ Alexi Mestvirishviliალექს მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად
ალექს მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ ლაბორატორიასა და სამეცნიერო ინსტიტუტში მიწვეულ ქართველ ფიზიკოსს ალექსი მესტვირიშვილს გაგაცნობთ.

მისი საქმიანობის სფერო იმდენად მნიშვნელოვანი და სიღრმისეულია, რომ მასში გასარკვევად ფიზიკის ზედაპირული ცოდნა ნამდვილად არ გვიშველის. ამიტომ მხოლოდ ფაქტებს მოვიტანთ. სულ თავიდან, როგორც სტუდენტმა, პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა დაიწყო. უნივერისტეტის დამთავრების შემდგომ გადავიდა დუბნაში, სადაც მნიშვნელოვან სადისერტაციო თემაზე იმუშავა. თანამშრომლობს ცერნის ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ლაბორატორიაა, ასევე ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან და პროექტში, რომელიც ცერნში მდებარეობს. არის აიოვის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი. ამჟამად საფრანგეთში არსებულ ქალაქ სენ ჟენიში ცხოვრობს. ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაზე ბევრ ცნობილ უცხოელ მეცნიერთან ერთად ისიც მუშაობს. ფიზიკოს-ექსპერიმენტატორსა და მეცნიერ- მკვლევარს ალექსი მესტვირიშვილს სენ ჟენიში დავუკავშირდით.

© FB/ Alexi Mestvirishviliალექსი მესტვირიშვილი
ალექსი მესტვირიშვილი - Sputnik საქართველო
ალექსი მესტვირიშვილი

– ბატონო ალექსი, როგორია სამყარო, საიდანაც მოდიხართ და რის წყალობითაც ხართ ის, რაც ხართ?

— ამის გასაგებად ჩემ თავზე მოგიყვებით: დავიბადე თბილისში, გავიზარდე იქვე და, რა თქმა უნდა, სკოლაც თბილისში დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, კახეთში ხშირად დავდიოდი, საკუთარ თავს მაინც ასფალტზე გაზრდილს ვეძახი, რადგან ძირითადად დიდ ან პატარა ქალაქებში ცხოვრება მიწევს. სკოლაში მშობლებმა ხუთნახევარი წლის წამიყვანეს, არა იმიტომ, რომ გენიოსი ვიყავი, არამედ სრულიად პრაქტიკული მოსაზრებით — საბჭოთა კავშირის პერიოდში ახალგაზრდა მამრებისთვის ჯარში არმოხვედრა საკმაოდ აქტუალური იყო. ამიტომ კლასში ყველაზე პატარა ვიყავი და სკოლა 16 წლის ასაკში დავამთავრე. იმავე წლის სექტემბერში, სკოლის დამთავრებიდან ორი თვის მერე სტუდენტი გავხდი.

© FB/ Nana Svanidzeალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად
ალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად

– ამბობენ, საბჭოთა მოსწავლეს სახლში  საკუთარი ხელით დამზადებული სხვადასხვა ელექტროსაშუალებები და მოწყობილობა ჰქონდაო…

— მერვე კლასში რომ ვიყავი, ხელში ჩამივარდა ჟურნალ „რადიოს" რამდენიმე ნომერი. იყო ასეთი ჟურნალი საბჭოთა კავშირის დროს. საქართველოში ამ ჟურნალის გავრცელება ლიმიტირებული იყო. მისი გამოწერა მხოლოდ პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ან რადიოელექტრონიკის სპეციალისტებს და ინჟინრებს შეეძლოთ. ჟურნალ „რადიოს" კითხვით რადიოელექტრონიკის მიმართ ინტერესი გამოჩნდა. სახლში კუსტარულად ვაკეთებდი სხვადასხვა მოწყობილობებს. პირველი, რისი აწყობაც ვცადე, იყო მარტივი დეტექტორული რადიომიმღები. მეათე კლასში ისეთ დონეზე მივედი, რომ აწყობილი მქონდა ციფრული საათი, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. ე.წ. შუქ-მუსიკა — მოწყობილობა, რომელიც უერთდებოდა მაგნიტოფონს და მუსიკის ტონალობაზე დამოკიდებულებით სხვადასხვა ფერის ნათურას ანთებდა. მათ სქემებს ჟურნალებში ვპოულობდი. მაშინ იმ დონეზე არ ვიყავი გაწაფული ელექტრონიკაში, რომ სქემა თვითონ შემემუშავებინა. აწყობილი მქონდა ასევე მარტივი მოწყობილობა, რომელსაც მიკროფონი ჰქონდა და მაღალ და მკვეთრ ხმაზე, მაგალითად, ტაშის ხმაზე რეაგირებდა. თანაც, შეეძლო ჩაერთო ან გამოერთო მასზე მიერთებული, მაგალითად, მაგიდის ნათურა…

© FB/ Marika Azniashviliალექსი მესტვირიშვილი მეუღლესთან ერთად
ალექსი მესტვირიშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ალექსი მესტვირიშვილი მეუღლესთან ერთად

– ელექტრონიკის ინტერესი გქონდათ, მაგრამ არჩევანი მაინც ფიზიკაზე შეაჩერეთ?

— დიახ, ფიზიკა უფრო მაინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი გავმხდარიყავი. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ფიზიკის ინსტიტუტში, ელემენტარული ნაწილაკების ელექტრონული მეთოდებით კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკოსი, ბატონი თემურ ლომთაძე ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი შემდგომ იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტში, ქალაქ პიზის სექციაში მუშაობდა. მოკლედ, მივედი ფიზიკის ინსტიტუტში, შევხდი ბატონ თემურს, ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ასე აღმოვჩნდი ამ ლაბორატორიის უმცროს ლაბორანტად. იყო ასეთი პრაქტიკა – ახალგაზრდები, სტუდენტები აჰყავდათ სამსახურში და რაღაც პერიოდის მერე, თუ ისინი გაამართლებდნენ, ადგილზე ტოვებდნენ. მე, ეტყობა, გავამართლე. ფიზიკის ინსტიტუტში ბევრი შესანიშნავი ადამიანი და მეცნიერი გავიცანი. მათთან აგერ უკვე თითქმის 30-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს.

© FB/ Alexi Mestvirishviliალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად
ალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ალექსი მესტვირიშვილი კოლეგებთან ერთად

– ბატონო ალექსი, პროტვინოს ცნობილ ინსტიტუტში როგორ მოხვდით?

— ჩვენი კვლევების სტრუქტურიდან გამომდინარე, ლაბორატორიას კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ორ დიდ ცენტრთან, ქალაქ პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან და ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან. პირველად სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის მერე, ზაფხულში მივლინებით წავედი პროტვინოში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტმა რეგულარულად დავიწყე სიარული. ამ უნივერსიტეტში, მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრაზე შესანიშნავი ლექტორები მყავდა. ახლა მათთან კარგა ხნის მეგობრობა მაკავშირებს. უნივერისტეტის დამთავრების შემდგომ სამუშაოდ გადავედი დუბნაში, სადაც დისერტაციაზე მუშაობა დავიწყე. დისერტაციის თემა ეხებოდა ერთ-ერთი უცნაური ნაწილაკის გამოკვლევას, რომელიც ფი მეზონის სახელწოდებითაა ცნობილი.

– იტალიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში როდის მიგიწვიეს?

— დუბნის ჯგუფი, რომელშიც ვმუშაობდი, თანამშრომლობდა ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან და საერთო პროექტში, რომელიც ცერნში მდებარეობდა, პირველად 1996 წელს იტალიის ინსტიტუტის ერთ-ერთ, ქალაქ კალიარის (სარდინია) სექციაში სამი თვით მიმიწვიეს. როგორც ჩანს, იქ ჩემი საქმიანობა მოეწონათ. 1999 წელს ქალაქ პერუჯის სექციაში ორწლიანი პოზიცია მივიღე. ორი წლის ამოწურვის მერე თანამშრომლობა გამიგრძელეს კიდევ ერთი წლით, მაგრამ ამ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გეზი ამერიკისკენ ამეღო. 8 თვის მერე დავტოვე იტალია და სამუშაოდ აიოვის უნივერსიტეტში გადავედი. ასევე გადავერთე ცერნში მდებარე ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთ დიდ ექსპერიმენტზე, რომელსაც CMS-ი (Compact muon solenoid) ეწოდება.

© courtesy of Alexi Mestvirishviliალექსი მესტვირიშვილი და მარიკა აზნიაშვილი ლუქსემბურგის ბაღში
ალექსი მესტვირიშვილი და მარიკა აზნიაშვილი ლუქსემბურგის ბაღში - Sputnik საქართველო
ალექსი მესტვირიშვილი და მარიკა აზნიაშვილი ლუქსემბურგის ბაღში

– აიოვის უნივერსიტეტზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

— ამერიკაში მიზანმიმართულად დავიწყე პოზიციების ძებნა. მოწვევა რამდენიმე უნივერსიტეტიდან მომივიდა და არჩევანი აიოვის უნივერსიტეტზე შევაჩერე. ქალაქი აიოვა–სიტი, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, პატარა და წყნარი საუნივერსიტეტო ქალაქია. ჩემი ამერიკაში გადასვლის დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და მყავდა ერთი გოგო, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ამიტომ, დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებთან შედარებით, პატარა ქალაქებში ცხოვრება უფრო მოსახერხებლად მივიჩნიე. CMS ექსპერიმენტზე მუშაობას დღემდე ვაგრძელებ. ვარ მეცნიერ–მკვლევარი (research scientist), მონაწილეობა მივიღე ექსპერიმენტის ადრონული კალორიმეტრის შექმნაში. გეტყვით, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. შვიდი წელი ვიცხოვრე შვეიცარიაში, ცერნთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ მეირანში, რომელიც ჟენევის სატელიტი ქალაქია. ამჟამად ტერიტორიულად ვცხოვრობ საფრანგეთის მხარეში, ქალაქ სენ ჟენიში.

– მსოფლიოში ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრეთ, ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს და რატომ?

— აქ თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, შვეიცარელები და ფრანგები ხასიათით განსხვავდებიან ქართველებისგან, მაგრამ ყველაფერი მიჩვევის ამბავია. აქ ცხოვრებას მივეჩვიე, ამიტომ დღეს არანაირი პრობლემა არ მაქვს. შვეიცარიაში თავს უფრო კარგად ვგრძნობ.

– ბოლოს, რა არის ის, რაც არც ერთ ამ ქვეყანაში არ არის და მხოლოდ საქართველოშია?

— საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სახლია და როცა საქართველოში ვარ — სახლში ვარ. არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მაქვს ასეთი შეგრძნება, როგორიც აქ… მოკლედ, სახლში ვარ და ამით, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი…

 

ყველა ახალი ამბავი
0