თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თბილისში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება.
ახალი კლინიკა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ამ პარტნიორობამ მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა კლინიკის გახსნაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა ღვაწლმოსილი და საამაყო ადამიანის — აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს.
„მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლინიკაში ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე“, — განაცხადა პრემიერმა.
კლინიკის განახლებისთვის 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „ავერსი–ფარმამ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელა.
ამასთან ერთად, ახალი კლინიკის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მოაწყვეს. ცენტრის მედპერსონალი მთავრობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს და აცხადებს, რომ მუშაობა აუტანელ პირობებში უწევს, რადგან შენობაში საშინელი სანიტარული პირობებია.
საქმე იმაშია, რომ კომპანია „ავერსი-ფარმამ“ რამდენიმე წლის წინ შეიძინა ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს ცენტრი და სამედიცინო დაწესებულებაში რაიმე სარემონტო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
პრემიერმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა სთხოვა, რომლებსაც შეხვდებოდა და მათთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავდა.
„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ეს ისეთი სფეროა, რომ დღეს არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს არ შეუძლია ცალკე რამე გააკეთოს“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ პროფესიონალების ღვაწლი არ დაიკარგოს და მათი გამოცდილება მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.