თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
კულუარებში მუსირებს აზრი, რომ თბილისის მერის პოსტზე სწორედ კალაძის კანდიდატურა განიხილება. ფაქტობრივად, ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კვირას გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომელსაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდნენ.
„რაც შეეხება კანდიდატურას, ამასთან დაკავშირებით გუნდში განხილვა დაიწყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. მე მესმის, რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში ინტერესი, თუ ვინ იქნება კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში", — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნო პროგრამაზე აქტიურად მუშაობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომით გაიმართება. მოსახლეობა გამგებლებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.
დედაქალაქის მოქმედი მერი დავით ნარმანია არაერთხელ გამხდარა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მას მმართველ პარტიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატებს, ამჟამად მხოლოდ პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს" კანდიდატის ვინაობაა ცნობილი — ელენე ხოშტარია. როგორც მასმედიაში ვარაუდობენ, წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთვებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.