კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ბედი უცნობია

© AP Photo / John Bompengoკონგოს პოლიცია
კონგოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მფრინავმა სოსო ოსორაულმა, თავის ვიდეომიმართვაში დედას სთხოვა არ ინერვიულოს და კარგად აღზარდოს ბავშვები.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა მფრინავ სოსო ოსორაულის მიმართვა, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა ტყვედ აიყვანეს.

გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის მეამბოხეებმა ოსორაული ტყვედ 2017 წლის იანვარში აიყვანეს. სხვადასხვა მონაცემებით, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეებმა 1 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს. მაისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ განაცხადა.

„ჩემზე ამბობენ, რომ მე ვიღაცა მოვკალი. ეს ასე არ არის, არ დაუჯეროთ. დედა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვები კარგად გაზარდეთ. ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“, — ამბობს ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ოსორაული.

გავრცელებულ მიმართვაზე საპასუხოდ, განცხადება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გააკეთა.

„მაისში მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონგოს ტერიტორიაზე მოხდა მორიგი შეტაკება, რომლის ერთ-ერთი მხარე იყო ის ქვედანაყოფი, რომელშიც ჩვენი თანამემამულე იმყოფებოდა. იმ მომენტის მერე, მათი განცხადებით, იკარგება იოსებ ოსორაულის კვალი, რაც მიანიშნებს მის შესაძლო დაღუპვაზე“, — განუცხადა დვალმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კონგოს პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართველი მფრინავი, შესაძლოა, კონგოში მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა

მისი თქმით, ვიდეომიმართვა ჯერ კიდევ ზამთარში ჩაიწერა. 

„ეს არის რამდენიმე თვის წინ გადაღებული ვიდეო. ეს არის პირველი ვიდეო, რომელიც ოჯახს ჰქონდა. ჩემი მხრიდან, მსურს ყველას მოვუწოდო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და გააცნობიერონ ამ თემის სენსიტიურობა — აღნიშნა დვალმა.

ოსორაული საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკია. მისი ოჯახის წევრების სიტყვებით, ის საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ოჯახთან კონტაქტზე პერიოდულად გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში.

საქართველოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საელჩო არ გააჩნია, ის ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საშუალებით ახორციელებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარსა და ანტისამთავრობო ფორმირებებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2004 წლიდან გრძელდება. მოძრაობა M23 ტუტსის ეთნიკური უმცირესობის ინტერესებისათვის იბრძვის და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება М23-ის ბოევიკების მხარდაჭერაში მეზობელ რუანდას ადანაშაულებს, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება ამას არ აღიარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0