ქართველი მფრინავი, შესაძლოა, კონგოში მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა

© AP Photo / John Bompengoკონგოს პოლიცია
კონგოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის იოსებ ოსორაულის ბედი ამ დრომდე უცნობია.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველი მფრინავი იოსებ ოსორაული, რომელიც კონგოს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა ტყვედ აიყვანეს, შესაძლოა, ამ ქვეყანაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი შეტაკების მსხვერპლი გახდა, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ. 

გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის მეამბოხეებმა ოსორაული ტყვედ 2017 წლის იანვარში აიყვანეს. სხვადასხვა მონაცემებით, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეებმა 1 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს.

ოთხშაბათს გონაძე დაკარგულის ძმას გიორგი ოსორაულს შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედრა დაკავშირებულია ადგილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი. სამწუხაროდ, სოსო ოსორაულიც შეიძლება მათ შორის იყოს. ჩვენ როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, დადასტურება ვთხოვეთ ყველა მხარეს — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, გაეროს, წითელ ჯვარს. ამ ეტაპზე არც ერთი მხარისგან აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება არ მიგვიღია“, — განაცხადა გონაძემ. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოსორაულის ტყვეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად.

კონგოში დაძაბული ვითარების გამო გონაძე საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ოსორაული საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკია. მისი ოჯახის წევრების სიტყვებით, ის საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ოჯახთან კონტაქტზე პერიოდულად გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში.

საქართველოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საელჩო არ გააჩნია, ის ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საშუალებით ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0