თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს მაღალმთიან რეგიონში — სვანეთში 50 მეგავატის სიმძლავრის ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.
ჰესები დაბა მესტიის მახლობლად აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
თითოეული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს სასურველ მიზანს — ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას აახლოებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამშაბათს, ჰესების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე.
„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშვნელოვანი და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით", — განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია რეგიონების დეცენტრალიზაციაზე, მათ სრულ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე — დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით.
„ნებისმიერი ენერგოობიექტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას ტურისტების დასვენებისთვის, და უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის", — განაცხადა კალაძემ.
ჰესების მშენებლობას სს "სვანეთი ჰიდრო" საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კერძოდ, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე.
„მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მილიონი კვტ/სთ შეემატება.