დედოფლები ყველა სარკმლიდან იჭყიტებიანო...

© photo: Sputnik / Сергей Субботин / გადასვლა მედიაბანკშიდიეგო ველასკესის ძეგლი პრადოს ეროვნულ მუზეუმში
დიეგო ველასკესის ძეგლი პრადოს ეროვნულ მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი მყუდროდ თბილისურ ივანზე ამოსული მთავარი დედოფალი — ბროწეულის ხე სხვადასხვა პოზებს იკავებს, ხან მარჯვნივ გადაივარცხნის ყვავილიან ტოტებს, ხან მარცხნივ, ხან კი „ხვოსტიკად“ მარტივდება…

აბა, რა უნდა ქნას, როცა დღეს ჩვენი აივნის ქვედა კიბეზე ბაფთებიანი ფეხსაცმელით შემოაბიჯებს შესანიშნავი ესპანელი მხატვარი დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი, რომლის ფუნჯმაც დახვეწილად მოხატა პრინც ფერდინანდის, ესპანელი მარია-ტერეზას, ესპანეთის მეფე ფილიპ IV-ს ოქროს ჩარჩოში ლამაზად მოკალათებული პორტრეტები და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს — 1599 წლის 6 ივნისს სევილიაში.

ქალაქში, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, საბერძნეთის ღვთებრივმა გმირმა ზევსის და ალკმენეს ვაჟმა ჰერაკლემ შექმნა.

სწორედ ამ შესანიშნავ სევილიაში დაიბადა ასევე შესანიშნავი დიეგო ველასკესი, რომლის სურათებზეც ამჩნევ ყველა დეტალს – გამოხედვას, მარაოს, ბაფთას, ნაოჭს…

ნახევრად გაჭრილ ლიმონს, კომშის გვერდით რომ არის დაბრძანებული და, რაც მთავარია — თვალებს…

თვალებს, რომ შემოგცქერიან გადაქათქათებული ჟაბოების და ღმად შინდისფერი ჟილეტების მიღმა, მთლად გულში.

ოჰ, როგორ აქვს თითოეული არშია დაკვარახჭინებული…

დიეგო ველასკესმა ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. 10 წლისამ კი დაიტრაბახა — ცნობილი სევილიელი მხატვრის ფრანსისკო ერერას მოწაფე ვარო.

სხვათა შორის, შემდეგ მან ცოლად მოიყვანა ერერას ქალიშვილი, 16 წლის ხუანა პაჩეკა, რომელმაც მას ორი ქალიშვილი აჩუქა – ფრანსისკა და იგნასია.

24 წლის ასაკში ველასკესი მეფე ფილიპ IV-ს სამეფო კარის მხატვარი გახდა.

27 წლის ასკში კი განცხადა, დედოფლები ყეელა სარკმლიდან იჭყიტებიანო.

ის შესანიშნავად ასრულებდა პორტრეტებს და პორტრეტებს მიღმა დარჩენილ დეტალებსაც – მუქად წითელ შლაპებს, ბოლომდე ვერდაკეცილ მარაოებს და… სარკიდან ხატავდა, იდუმალად.

თუმცა ველასკესს განსაკუთრებით ნიჭიერად და კარგად ადამიანის ხელები გამოსდიოდა.

ერთხელ ჩემმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ასე მითხრა, შენ ველასკესის ხელები გაქვსო. არადა, ზუსტად მამაჩემი ჯემალიკოს ხელები მაქვს. 

დიდხანს ვაკვირვებოდი მათ და ვერაფერი „ველასკესისეული“ ვერ დავინახე.

ამბობენ, ველასკესი ფუნჯთან ურთიერთობაში სხვანირად ელეგანტური იყოო…

ბავშვივით ეფერებოდა და სახელებსაც კი არქმევდა მათ.

1617 წელს მან შექმნა თავისი ცნობილი ტილო — „გლეხური საუზმე“.

მაესტროს მიერ გაშლილ მაგიდაზე თევზი, ლიმონი, სტაფილო, პური და ღვინოა…

ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციით, ამ ტილოზე გამოსახული მარჯვნივ მჯდომი ახალგაზრდა კაცი თავად დიეგო ველასკესია, თუმცა, ვინ იცის…

იმასაც ჰყვებიან, რომ ფრანგმა პოეტმა, რომანტიკულმა თეოფილ გოტიემ, როცა ველასკესის ცნობილი ნახატი „მენინები“ ნახა, ასე თქვა — სად არის აქ ნახატი, ვინ არიან ეს ხალხი და, საერთოდ, რა ხდება აქო.

გოტიემ, სავარაუდოდ, არ იცოდა, მე კი ვიცი — სურათზე გამოსახული ჯუჯა ნიკოლასიტო პერტუსატო ფეხს ურტყამს მძინარე ძაღლს, უკანა ხედზე კი მოჩანს ხოსე ნიეტო დე ველასკესი, მხატვრის შორეული ნათესავი.

თუმცა, ამ შესანიშნავი სურათის აზრი და შინაარსი დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული.

ამით ჩვენი ესპანურ-პრადობა ალბათ ამოიწურებოდა, მაგრამ ხომ მიცნობთ…

არქივები გადავქექ-გადმოვქექე და დიეგო ველასკესის შთამომავალი გამოვნახე — კონსუელო ველასკესი. დღეს ის გვიმღერებს ცნობილ, ბოლეროს სტილში დაწერილ სიმღერას Bésame mucho, რომელიც 2009 წელს ქალაქ მეხიკოს ოფიციალური ჰიმნი გახდა. არაოფიციალურად კი ყველას გულში ისედაც ჟღერს…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მეფურ სასახლეებში ველასკესივით გავლილ-გამოვლილ დღეს! 


ყველა ახალი ამბავი
0