აჭარის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, შესაძლოა, ლევან მაისურაძემ უხელმძღვანელოს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე, რომლის წინააღმდეგ მარტში ბათუმში აქციის მონაწილეები გამოვიდნენ, ქვემო ქართლში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

არეულობა ბათუმში 12 მარტის ღამით პოლიციის სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქციის დროს მოხდა. დღისით პატრულთან შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციის შენობასთან დაკავებულთა ახლობლები და რიგითი ბათუმელები შეიკრიბნენ. მათ პოლიცია და, კერძოდ, დეპარტამენტის უფროსი ბუხრაძე აჭარელი მოსახლეობის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დღისით პოლიციასთან შეხლა-შემოხლა პატრულის მიერ ერთ-ერთი მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო მოხდა.

„საქართველოს მასშტაბით ტარდება როტაცია და კახა ბუხრაძე ქვემო ქართლში იმავე თანამდებობაზე დაინიშნა, რომელზეც აჭარაში იყო, ანუ ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად", — განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში.

შესაბამის ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 150000 ლარი შეადგინა

ვინ შეცვლის ბუხრაძეს აჭარაში, ჯერჯერობით უცნობია. ქართული მასმედია ერთ-ერთ კანდიდატურად ლევან მაისურაძეს, რუსთავის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ასახელებს.

თავდაპირველად ბუხრაძის სხვა რეგიონში გადაყვანის ინფორმაცია ბათუმში არეულობის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ გაავრცელა.

„მარტის მოვლენების მეორე დღესვე ის თანახმა იყო გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ, ვინაიდან ეს აღიქმებოდა, რატომღაც, ხელისუფლების სისუსტედ და მომიტინგეების გამარჯვებად", — განუცხადა კახიძემ ჟურნალისტებს.

ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის თანამდებობას მიმდინარე წლის იანვრიდან იკავებდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბუხრაძის მუშაობის დროს საპატრულო პოლიცია უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენდა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მაქსიმალურ ჯარიმებს წერდა.

ბათუმში მომხდარ არეულობამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ბუხრაძემ აჭარლებს „თათრები" უწოდა და ადგილობრივებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

ამ ეტაპზე ბათუმში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით ღოღობერიძე და კიდევ 20 პირი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებიან. ბათუმში მომხდარი არეულობების საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ასევე დაკავებული იყო 75 პირი, რომელთა უმრავლესობა დაჯარიმებულია.

ყველა ახალი ამბავი
0