თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ბათუმში მასობრივი არეულობის შედეგად საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურას 150000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა, განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც მოსახლეობა გამოესარჩლა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რაც საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.
„პროტესტი მშვიდობიან ხასიათს უნდა ატარებდეს, მას არ უნდა ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. ყველაზე მთავარია, მას არ უნდა ჰქონდეს იმ ვანდალიზმის ხასიათი, რომელიც სახეზე იყო. ამ დღეებში, 11–12 მარტს, მიმაჩნია, რომ პროტესტი უკანონოდ იყო გამოხატული. თქვენც ხედავთ, რაში გადაიზარდა ის“, – განაცხადა ერმაკოვმა.
არეულობის შედეგად ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, აღნიშნა ქალაქის მერმა.
„ეს არის მუნიციპალური საკუთრების დაზიანება, კერძო საკუთრების დაზიანება და განადგურება. განადგურდა შუქნიშნები, საგზაო მოძრაობის ნიშნები და საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის გამყოფები, რომლებიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს, სპეციალური დეკორატიული ღობეები. ეს ყველაფერი დაანგრიეს“, — აღნიშნა ბათუმის მერმა.
ინფრასტრუქტურული ზარალის ძირითადი ნაწილი ე.წ. „ჭკვიან შუქნიშნებზე“ მოდის — ამ ზარალმა დაახლოებით 100000–130000 ლარი შეადგინა.
„ეს ზარალი მიადგა არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ქალაქს, გადასახადის ყველა გადამხდელს, რომელთა ფულითაც კეთდება ეს ყველაფერი“, — განაცხადა მერმა.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა პოლიციელებისა და ქალაქის მცხოვრებთა მანქანები გაანადგურეს. როგორც ერმაკოვმა განაცხადა, დამწვარი და განადგურებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ამოღებული და გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზა უტარდება.
„ავტოტრანსპორტის დაახლოებით შვიდი ერთეული დაწვის გზით არის განადგურებული. ეს, ძირითადად, პოლიციის ტრანსპორტია – თუ არ ვცდები, პოლიციის ოთხი სატრანსპორტო საშუალება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთი ავტომობილი და კერძო პირების ორი ავტომობილი“, — განაცხადა ერმაკოვმა.
ბათუმში ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დაწყებულია, აღნიშნა მან.
„ჩავატარეთ გაწმენდითი სამუშაოები, მთლიანად აღვადგინეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, მოვახდინეთ დეკორატიული ღობეების დაზიანებული მონაკვეთების დემონტაჟი“, — განმარტა ერმაკოვმა.
ქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ არეულობის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 22 ადამიანიდან ამჟამად საავადმყოფოში ერთი ადამიანი რჩება.