თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აქციას ბათუმში ზოგიერთი იმ ჯგუფის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ სიტუაციის დაძაბვით მოსახლეობასა და პოლიციას შორის.
მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც საზოგადოებას დაპირდა, დეტალურად შეისწავლის ყველა ნიუანსს, ყველა იმ პრეტენზიას, რომლებიც შსს-ს თანამშრომლების მიმართ გაისმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მანამდე დაანონსებული საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„როგორც საზოგადოებას შევპირდი, დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში, ყველა იმ პრეტენზიაში, რომელიც მოდის ჩემი თანამშრომლების მისამართით, არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებებს, მაგრამ ამის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ კატეგორიულად უარვყოფ ყველა ბრალდებას ქსენოფობიური განცხადებების თაობაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი წინასწარი პროვოკაცია. გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ მომხდარიყო დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სწორად იყო შერჩეული ის სენსიტიური საკითხი, თითქოს ქსენოფობიური განცხადებები იქნა გაკეთებული. პოლიციის მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა“, — განმარტა მღებრიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
რაც შეეხება ჯარიმებს, რაც თითქოს გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი ბათუმში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონით დადგენილ ფარგლებში და არ წერს მაღალ ჯარიმებს.
„ყველა პოლიციელი მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ფაქტი, რომ მაღალი ჯარიმები გამოეწეროს პატრულს მოქალაქეებისთვის, ასეთს ადგილი არ ჰქონია“, — დასძინა მინისტრმა.
საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, თითქოს სამართალდამცველი სტრუქტურები გვიან ჩაერთვნენ პროცესში, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მათ უკეთ იციან, როდის არის უმჯობესი ასეთ სიტუაციაში ჩართვა.
„ჩვენ უკეთ ვიცით, როდის ვიმოქმედოთ, რანაირად ვიმოქმედოთ და რა ძალა გამოვიყენოთ. ჩვენ ზუსტად გავთვალეთ ის დრო, თუ როდის უნდა ჩავრეულიყავით სიტუაციის განმუხტვაში და ზუსტად გავთვალეთ ის ძალა, რაც უნდა გამოგვეყნებინა“, — განაცხადა მღებრიშვილმა.