თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
პრემიერმა ყველას მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
”საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.