თბილისის სკოლაში მენინგიტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

© AFP 2024 / ALAIN JOCARDმენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა
მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის №41 საჯარო სკოლაში ორი თვის განმავლობაში მენინგიტით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

თავიდან მენინგიტით დაავადდა მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა, რომელმაც საავადმყოფოში მკურნალობის კურსი გაიარა და გამოჯანმრთელდა. მეორე ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა — დაავადდა მეცხრე კლასის მოსწავლე.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს არანაირად არ უკავშირდება. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. დღეს კაბინეტი დაკეტილია, დილიდან ის სველი წესით დალაგდება, შემდეგ ბავშვები თავის კაბინეტს დაუბრუნდებიან", — განუცხადა „Sputnik საქართველოს" სკოლის დირექტორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ გაკვეთილების გაცდენის საფუძველი არ არსებობს. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან დეზინფექცია გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩატარდა.

შშმ პირებისთვის მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ შშმ მოსწავლეებისათვის ახალი მიკროავტობუსები შეიძინა

„რა თქმა უნდა, მშობლების გადასაწყვეტია, გაუშვან თუ არა ბავშვები სკოლაში, მაგრამ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და გაცდენები აუცილებლად დაფიქსირდება. ჩემი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ, და მათ სახლში დატოვებას არ ვაპირებ", — აღნიშნა ჯავახიშვილმა.

სკოლის დირექტორის თქმით, მენინგიტით დაავადებული მეცხრეკლასელი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას აგრძელებს.

მენინგიტი — ტვინის გარსის ანთებაა, რომლის გამომწვევები სხვადასხვა ბაქტერიებია. პირველად მენინგოკოკური ინფექცია 1805 წელს აღწერეს, როდესაც ეპიდემიამ ჟენევა მოიცვა.

ბაქტერიები ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. მენინგიტით დაავადების შემთხვევაში სიკვდილიანობის ალბათობა 15%-ს შეადგენს. მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტები (კოცნა, ცემინება, ხველება, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ცხოვრება, სხვა პირის ჭურჭლის გამოყენება) ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას.

ყველა ახალი ამბავი
0