თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ლეგენდარულმა მსახიობმა გენადი ხაზანოვმა, რომელიც თბილისში გასტროლებზე იმყოფება, „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ოცნებაზე, რომელიც 20 წლის შემდეგ აუხდა.
„ბედნიერი ვარ! უბრალოდ, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ბედნიერი ვარ, რადგან ახდა ჩემი 20 წლის ოცნება. საქართველოში 21 წელია, არ ვყოფილვარ. ასე მოხდა… და ახლა, მხოლოდ ჩემი ახლო მეგობრის უზარმაზარი დახმარების წყალობით, ეს გასტროლები შესაძლებელი გახდა", — განაცხადა ხაზანოვმა.
თავისი მეგობრის გარდა, რომელმაც გასტროლების მოწყობის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე აიღო, გენადი ხაზანოვმა მადლობა ქართველ მაყურებელსაც გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ხალხს. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მესმის, რომ მამაკაცს არ შეშვენის თავისი ცრემლიანი თვალების გამოჩენა, შეიძლება არც არის საჭირო. მაგრამ სხვა არანაირი რეაქცია არ მაქვს. უბრალოდ, ბედნიერი ვარ", — აღნიშნა მსახიობმა.
რუსთაველის თეატრის სცენაზე ცნობილი რუსი მსახიობი ანტონ ჩეხოვის მოსკოვის თეატრის დასთან ერთად ექვს სპექტაკლს წარმოადგენს: „მკვეთრი მოსახვევები" (ერიკ ასუ), „ვახშამი რეგვენთან" (ფრანსის ვებერი), „ყველაფერი ადამიანებივით" (მარკ კამოლეტი), „სტაფილო იმპერატორისთვის" (ირჟი გუბაჩი), „მაშველი" (ნორმ ფოსტერი).
ანტონ ჩეხოვის თეატრი 1989 წელს ლეონიდ ტრუშკინმა და ევგენი როგოვოიმ დააარსეს. ის თანამედროვე რუსეთის პირველი არასახელმწიფო თეატრია და არსებობის ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გარეშე მუშაობს.
გენადი ხაზანოვი ესტრადის, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, მოსკოვის ესტრადის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.