თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სამი ქართველი რეჟისორის ფილმია შესული, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
კინოფორუმის მთავარ საკონკურსო პროგრამაში საქართველოს გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ წარადგენს და იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღეს ეძღვნება, რომელიც 1993 წლის დეკემბრის ბოლოს სოფელ ხუბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ფილმში გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეებია ასახული, რომელიც მან ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდეგ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებსა და გაუვალ ტყეებში გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პროტოტიპი ყველასთვის ცნობილია, მისი სახელი არ ისმის — მას ყველა პერსონაჟი „ბატონ პრეზიდენტს“ ეძახის. ფილმში მთავარი როლი ირანელმა მსახიობმა ჰოსეინ მახჯუბმა შეასრულა, რომელიც ფილმში „სამოთხის ფერი“ (რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი, 1999) შესრულებული როლით არის ცნობილი. ჩეხეთში ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის ფესტივალზე ახალბედა არ არის. 2014 წელს რეჟისორი ფესტივალში „სიმინდის კუნძულით“ მონაწილეობდა და გრან-პრიც მიიღო. მოგვიანებით ოვაშვილი კარლოვი ვარის ფესტივალის ჟიურის წევრი გახდა.
ფესტივალზე ოვაშვილის ფილმთან ერთად წარდგენილი იქნება ფილმები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან, რომელიც ბორის ხლებნიკოვის ფილმ „არითმიას“ წარადგენს.
კონკურსის East of the West-ის პროგრამაში შესულია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ეს რეჟისორის დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში. ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West გრან-პრით დაჯილდოვდა რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“.
სექციაში Future Frames: Ten New Filmmakers To Follow საქართველოს სახელით მონაწილეობს ქართველი რეჟისორი გიორგი მუხაძე თავისი სადიპლომო ნამუშევრით „ანას მოლოდინში“. ფილმი და-ძმაზე მოგვითხრობს, რომლებიც დედის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 1946 წელს დაფუძნდა, 1956 წლიდან კი მას А კატეგორია მიენიჭა. კინოფესტივალის მთავარი გამარჯვებული „ბროლის გლობუსით“ დაჯილდოვდება.