თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გვიან ღამით ლონდონში ორი ტერაქტი განხორციელდა, რასაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30ზე მეტი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ლონდონის ხიდზე მიკროავტობუსი გამვლელებს დაეჯახა, შემდეგ სამი ადამიანი გადმოვიდა მიკროავტობუსიდან და ისინი გამვლელებს დანებით შეიარაღებული დაესხნენ თავს.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ბრიტანეთის დედაქალაქში, Borough Market-ის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ორივე ტერაქტი ერთმა და იმავე ჯგუფმა ჩაიდინა.
სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. სამართალდამცველების ცნობით, მათ ჯიჰადის ქამრები ეკეთათ.
ლინდონის პოლიცია უახლოეს დღეებში ქუჩების პატრულირებისთვის მეტი პოლიციელის ამოქმედებას გეგმავს.
ეს უკვე მესამე ტერაქტია ინგლისში ბოლო 2,5 თვის განმავლობაში.
22 მაისს, საღამოს ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, "მანჩესტერ არენას" სტადიონზე აფეთქება მოხდა, როდესაც იქ ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავდა 59 ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
კიდევ ერთი ტერაქტი ლონდონში ტურისტებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას 22 მარტს მოხდა. ვესმინსტერის ხიდზე მოძრავმა ავტომობილმა რამდენიმე ადამიანი გაიტანა და პარლამენტის შენობამდე მიაღწია, სადაც ის პოლიციამ გააჩერა. ბოროტმოქმედმა პოლიციელი დანით დაჭრა, რის გამოც სამართალდამცველი გარდაიცვალა.