თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ოცეულები თბილისის მახლობლად მიმდინარე ერთობლივ წვრთნებში „კავკასიური არწივი“ იღებენ მონაწილოებას, იუწყება РИА Новости საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
წვრთნა „კავკასიური არწივი“ 2009 წლიდან ტარდება. სამმხრივ ფორმატში წვრთნა მესამედ იმართება, მანამდე წვრთნები თურქეთში ტარდებოდა. წელს წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ოცეულები, ორი მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი და ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული წვრთნა ემსახურება სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის, მეგობრული ურთიერთობების, კოორდინირებულობის განვითარებას, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაზრდას.
„ათწლეულებია თავდაცვის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ერთობლივი წვრთნების ჩატარების კარგი გამოცდილება გვაქვს. წელს ერთობლივ წვრთნებს უფრო ფართო სახე მიეცა… განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოვოთ. მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებებათა ხელმძღვანელების მინისტერიალის დროს, რომელიც ბათუმში მაისში შედგა.
გამართულ მინისტერიალზე უწყებათა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი „რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებასა და შეიარაღებული ძალების განვითარებას ემსახურება“. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საჩხერის სამთო-სათხილამურო სკოლაში კოლეგებს სამთო მომზადების კურსების ჩატარების შესაძლებლობას მისცემდა. შეხვედრა ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას და ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ.